11/02/2023
21:07
კულტურა
ქართული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სთხოვენ, კვალიფიკაცია შეეცვალოს მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროს ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის საკითხის მოლაპარაკებით მოგვარებას.
როგორც ცნობილია, ეროვნულ გალერეაში, 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
განცხადების ხელმომწერები წერენ, რომ ამ ფაქტმა დაბნეულობა გამოიწვია, რამდენადაც ფორმალურად დაირღვა ექსპოზიციის რეგლამენტი, რადგან საკუთარი ნამუშევრის ამგვარი ცვლილება კურატორთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელოვანის თვითგამოხატვის თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რომელსაც ითვალისწინებს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მსოფლმხედველობა და ამ თავისუფლების შეზღუდვა არის ტოტალიტარული რეჟიმების სახასიათო ნიშანი. არსებული რეალობის გათვალისწინებით, გთხოვთ, კვალიფიკაცია შეუცვალოთ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროთ საკითხის გარკვევას მოლაპარაკების ფორმატში ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის“, - წერია სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების განცხადებაში.
ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0