20/09/2021
11:57
მსოფლიო
ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, რომელიც კანარის კუნძულების არქიპელაგის ნაწილია, ვულკანი კუმბრე ვიეა ამოიფრქვა. ლავის ნაკადები ახლომდებარე პატარა სოფლებისკენ მიედინება. ხელისუფლება ოთხი დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაციას ახორციელებს.
ამოფრქვევას წინ უძღოდა სეისმური აქტივობის ზრდა.
კუნძულის ხელისუფლებამ ვულკანის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს (ათასზე მეტი ადამიანი) სახლების დატოვება უბრძანა. ასევე მიმდინარეობს პირუტყვის ევაკუაცია.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოსახლეობას ევაკუაციაში ჯარისკაცები დაეხმარნენ.
ბოლო მონაცემებით, კუნძილიდან 5 000 ადამიანის გახიზვნა მოხერხდა.
ქვეყნის ეროვნულ გეოგრაფიულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ მეცნიერებმა გასული კვირის განმავლობაში კუმბრე ვიეას პარკში 3.8 მაგნიტუდის 22 ათასზე მეტი ბიძგი დააფიქსირეს.
ლა პალმა ვულკანური წარმოშობის კუნძულია, რომლის ცენტრალური ნაწილის გასწვრივ ვულკანების ქედი მდებარეობს. იქ ბოლო ფართომასშტაბიანი ამოფრქვევა 1971 წელს მოხდა, როდესაც ვულკანმა თენეგიამ გაიღვიძა.
ვულკანოლოგმა, სტავროს მელეტიდესმა "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ამოფრქვევამ ვულკანის ფერდებზე ხუთი ნაპრალი წარმოქმნა და არავინ იცის, პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა, მაგრამ ცნობილია, რომ რამდენიმე გზა დაზიანდა.
0
0