28/01/2022
16:37
მსოფლიო
კანაბიდიოლის (CBD) შესახებ ჩატარებულმა რამდენიმე ბოლოდროინდელმა ლაბორატორიულმა კვლევამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა და მედიის ყურადღება მიიპყრო.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, მარშა როსნერმა, რომელიც კვლევით გუნდს ხელმძღვანელობდა, ლაბორატორიული ექსპერიმენტებით დაადგინა, რომ კანაბიდიოლი (CBD), როგორც ჩანს, ხელს უწყობს COVID-19-ის გავრცელების შეკავებას ინფიცირებულ უჯრედებში. ”ჩვენი დასკვნები არ მიუთითებს, რომ ეს ეფექტური იქნება პაციენტებში. ჩვენი დასკვნები კლინიკური კვლევისთვის ძლიერ მტკიცებულებას ქმნის,”- თქვა მან.
მაღალ დონეზე გაწმენდილი კანაბიდიოლის მცირე დოზების (დაახლოებით ის რაოდენობა, რასაც პაციენტები მძიმე ეპილეფსიის დაავადების სამკურნალოდ უკვე დამტკიცებული ორალური პრეპარატის სახით იღებენ) გამოყენებით, როსნერმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ კანაბიდიოლი საცდელ მილებში მოთავსებულ უჯრედებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან არ იცავდა. ის უჯრედებში ვირუსის შეღწევის შემდეგ მალევე მოქმედებდა და მის გავრცელებას აფერხებდა. მკვლევარებმა მსგავსი ეფექტი აღმოაჩინეს ინფიცირებულ თაგვებზე.
„მძიმე ეპილეფსიის მქონე ზრდასრულთა ჯგუფზე დაკვირვებისას, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შორის, ვინც იღებდა კანაბიდიოლისშემცველ დამტკიცებულ პრეპარატს, COVID-19-ით დაინფიცირების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა, მხოლოდ რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებს შეუძლია მოგვცეს დამაჯერებელი ინფორმაცია. ჩემი მესიჯი არ არის ის, რაც ხალხს სურს, მოისმინოს,“ - თქვა როსნერმა.
ცოტა ხნის წინ, მკვლევართა ცალკეულმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ინფორმაცია [The Journal of Natural Products-ში), რომლის თანახმადაც, კანაბიგეროლისა (CBG) და კანაბიდიოლის მჟავას (CBDA) მაღალი დოზები ხელს უშლის უჯრედებში კორონავირუსის შეღწევას.
როგორც ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა, რიჩარდ ვან ბრემენმა, განაცხადა, კანაბიგეროლისა (CBG) და კანაბიდიოლის მჟავას (CBDA) დოზები, რომლებიც მისმა ჯგუფმა გამოსცადა, უჯრედებისთვის არატოქსიკური იყო. ჯერჯერობით უცნობია, მსგავსი მაღალი დოზების მიღება უსაფრთხო იქნება თუ არა ადამიანებისთვის.
„პოტენციური გვერდითი ეფექტების გამო (პრეპარატი ღვიძლში იფილტრება) პაციენტებისთვის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღებაა სასურველი“, - თქვა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, მარშა როსნერმა.
0
0