26/09/2022
11:14
მსოფლიო
კანადის აღმოსავლეთ პროვინციებს ქარიშხალი „ფიონა“ დაატყდა თავს; დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელი სახლები კი წყალმა წაიღო. ოფიციალური პირების თქმით, ნიუფაუნდლენდში სტიქიამ, სულ მცირე, ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
ფართომასშტაბიანი წყალდიდობების შედეგად, ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მოსახლეობას მოუწოდა, გადავიდნენ უსაფრთხო ადგილზე, მოუსმინონ ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს და დარჩნენ იქ მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ჯასტინ ტრუდომ იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს დაკრძალვაზე დასასწრებად ქვეყანაში ვიზიტი გააუქმა.
კანადის მეტეოროლოგიურ ცენტრში აცხადებენ, რომ ასეთი ამინდი კანადაში იშვიათია; „ფიონა“, რომლის სიჩქარე საათში 148 კმ-ს აღემატება, ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ქვეყნის ისტორიაში. ჩვეულებრივ, ჩრდილოეთის ცივ წყლებში მოხვედრისას ქარიშხალი „ფიონა“ სუსტდება და პოსტ-ტროპიკული ციკლონის კატეგორიაში გადადის.
მიმდინარე კვირაში ქარიშხალმა ასევე ნგრევა გამოიწვია პუერტო-რიკოსა და დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხლის საფრთხე ემუქრება ასევე ფლორიდას, რადგან კარიბის ზღვის სანაპიროზე ტროპიკული ქარიშხალი „იანი“ გაძლიერდა.
0
0