31/10/2023
14:51
მედიცინა
„გუშინ კიდევ ერთი სიცრუის გავრცელება სცადეს ჩვენმა ოპონენტებმა, რაც ონკოპაციენტების მკურნალობას უკავშირდება ჩვენს სახელმწიფოში. თითქოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშები, რომლებიც საფრანგეთში იმყოფებიან და არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ სახელმწიფომ ვერ გაუწია ჩვენს ქვეყანაში სათანადო სამედიცინო მომსახურება. ეს არის სრული სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა ჩვენს საელჩოს საფრანგეთში და ასეთი ფაქტები არ დასტურდება. მან თავის გამოსვლაში იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ონკოპაციენტების დასახმარებლად აკეთებს და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით რამდენიმე პროგრამა წამოიწყო, მათ შორისაა ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვა. მისივე თქმით, 2023 წლის 1 ივნისიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პირის მკურნალობას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელისა და ესპანეთის წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში.
„2023 წლის აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია უკვე სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით 13 ბავშვი მკურნალობს აღნიშნულ ქვეყნებში, 3 ბავშვი ემზადება გასამგზავრებლად, ხოლო 4 ბავშვთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ინფორმაციის გაცვლა კლინიკებთან. ამ პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროების შემთხვევაში, ოჯახმა უნდა მიმართოს თავის კლინიკასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს, რათა შერჩეული იქნეს მათთვის სათანადო კლინიკა“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მწარმოებელ კომპანიებთან ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სპეციალური ფასითა და პირობებით შეძენაზე, რის შედეგადაც პაციენტებს ჯიბიდან გადასახდელი თანხა მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ან საერთოდ გაუუქმდებათ.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკრინინგის გაფართოება, ადრეული დიაგნოსტიკა და მეტი ონკოპაციენტის შესაბამისი მკურნალობა ადრეულ სტადიაზე, გამოიწვევს მეტი პაციენტის მიერ დაავადების დამარცხებას. მეტი დაფინანსებით მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი ოპონენტების გუშინდელი განცხადება იყო სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
0
0