26/09/2024
18:48
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ XVII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში - „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) ორგანიზებით გაიმართა.
ჯაბა სამუშიამ ხაზი გაუსვა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განსაკუთრებულ როლს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
სიმპოზიუმი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. სიმპოზიუმი წელს პირველად ტარდება საქართველოს რეგიონში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი - ქალაქი ქუთაისი - იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა ლიტერატურის მიმართულებით.
შესაბამისად, საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის საერთაშორისო სიმპოზიუმის ქალაქ ქუთაისში ჩატარების შესახებ. წლევანდელი სიმპოზიუმის თემაა - „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები.“
სიმპოზიუმის ადგილობრივ და გლობალურ მნიშვნელობაზე, ქართული სიმბოლიზმის ფორმირების პროცესში ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებულ ფუნქციაზე ისაუბრა თსუ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა რატიანმა.
საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე სტროევი და კომპარატივისტული ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი პროფესორი ლუჩია ბოლდრინი.
სიმპოზიუმის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. სიმპოზიუმის პარტნიორი ორგანიზაციაა: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) – ქუთაისი - იუნესკოს ლიტერატურული ქალაქი, სასტუმრო არგოს ისტორიული შენობა.
0
0