03/10/2024
17:55
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ მკვლევრები პოლონეთიდან, ფინეთიდან, ინგლისიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.
კონფერენციაზე თსუ რექტორმა მიმოიხილა კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში 100 წლის წინ განვითარებული მოვლენები და წაიკითხა მოხსენება - „ქართული ემიგრაციის ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ (XX საუკუნის 20-30-იანი წლები)“.
„ის თარიღი, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ, ერთის მხრივ არის საამაყო, ხოლო მეორეს მხრივ ტრაგიკული. ქართველმა პატრიოტებმა, მიუხედავად დიდი წნეხისა, 100 წლის წინ თავიანთი ხმა გააგონეს მთელს მსოფლიოს, რომელსაც ბევრი ღირსეული და ცნობილი მოღვაწე შეეწირა. კონფერენციაზე ძალიან საინტერესო მოხსენებებია წარმოდგენილი, თქვენ დარწმუნდებით, რომ სომხები, ქართველები, აზერბაიჯანელები, პოლონელები ერთად ვიბრძოდით იმ დიდი საშინელების წინააღმდეგ, რომელსაც წითელი რუსეთი ერქვა. ჩვენ ფაქტობრივად, დღესაც გვიწევს ამ ძალის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ისევ ოკუპირებულია, თუმცა, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაერთიანდება და მიაღწევს იმ მიზანს, რაც 1924 წლის აჯანყებულებს ჰქონდათ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია “ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში”, მიეროშევსკის ცენტრის (პოლონეთი), სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის თანაორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება იმართება, რომელმაც ბევრ გამოჩენილ მეცნიერს მოუყარა თავი სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც კავკასიიდან, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან. მე, როგორც ისტორიკოსი, ვთვლი, რომ საჭიროა არ მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლა, არამედ იმისათვის რომ გავაცნობიეროთ რუსეთის პოლიტიკა, საჭიროა შევისწავლოთ სხვა, მისდამი ადრე დაქვემდებარებული ქვეყნების ისტორია. ასეთი კვლევისთვის, ეს კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა და წარმოდგენილი მოხსენებები ნათელს მოჰფენს რუსეთის პოლიტიკის მთელ რიგ საკითხებს“, - აღნიშნა ლუკაშ ადამსკიმ, მიეროშევსკის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
კონფერენციის მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში კავკასიაში ეროვნული და დემოკრატიული იდეების ფორმირებისათვის თვალის გადევნება; ეროვნულ-გამათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობის დინამიკის ჩვენება საბჭოური ისტორიის მთელ სიგრძეზე (1920-1991); ეროვნულ-გამათავისუფლებელ/ ანტისაბჭოთა მოძრაობების უმთავრესი მახასიათებლების გამოყოფა და ურთიერთკავშირის გაანალიზება; კავკასიის ხალხთა ეროვნული და ანტისაბჭოთა მოძრაობის ევროპულ კონტექსტში გააზრება, რაც გასაგებს გახდის მის როლს კომუნისტური ტოტალიტარიზმის ნგრევაში.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024