15/09/2022
19:10
სამართალი
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენება არქიმანდრიტმა ილარიონმა მისცა. ის 2004 წლიდან დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობს და ლავრის წინამძღვარია.
„გიორგი მანჯგალაძე მაშინ კომისიის თავმჯდომარე იყო, ჩემი ინიციატივა იყო შეხვედრა, თუ არ ვცდები, 2006 წელი იყო, მე დავუკავშირდი და ერთად დავათვალიერეთ.
ჩემი მიზანი იყო მისთვის უდაბნოს მონასტერი მეჩვენებინა, დანარჩენი ჩემი სფერო არ იყო.
ივერი მელაშვილი ამ საკითხზე მუშაობდა და შევხვედრივარ, კარგი შეხვედრა იყო, თუ არ ვცდები, 2-3-ჯერ შევხვდი, ერთხელ თბილისშიც. რაც მახსოვს, ბატონი ივერი გვეუბნებოდა, რომ ჩიჩხიტურის კოშკი არის აზერბაიჯანის მხარეს, ასე ფიქსირდება რუკაზეო. უდაბნოს მონასტერზე არ გვისაუბრია, არ მინდა ტყუილი ვთქვა", - განაცხადა არქიმანდრიტმა.
მან ასევე იმჟამინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან დავით-გარეჯთან დაკავშირებით შეფასებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ "არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ". მან ასევე, 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებაც გაიხსენა.
„ყველას შეუძლია ეს მოისმინოს, საჯაროა. მან თქვა, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანს დარჩეს და მონასტერი ჩვენო. ალბათ, არ იცოდა ამ კონკრეტული ადგილის გეოგრაფია", - განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
0
0