09/11/2024
16:40
პოლიტიკა
ივანიშვილს ძალიან უყვარს ნიცშე, მაგრამ შეუძლია ასევე წაიკითხოს ბევრი სხვა მწერალი და მოაზროვნე, რომელსაც მრავალი წიგნი აქვს დაწერილი ადამიანის მშვიდობიანი გამოხატვის მნიშვნელობაზე - ის, რომ გერმანიის საელჩო მშვიდობიანი რევოლუციის, როგორც მათ შორის ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის მეთოდს განიხილავს, ნიშანდობლივი უნდა იყოს ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის საელჩოს განცხადებას, რომ „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მთავარი ძალა არის ხალხი, რომელსაც 26 ოქტომბერს თავისუფალი ნება მოჰპარეს.
„ივანიშვილს ძალიან უყვარს ნიცშე, მაგრამ შეუძლია ასევე წაიკითხოს ჯონ ლოკი ან ბევრი სხვა მწერალი და მოაზროვნე, რომელსაც მრავალი წიგნი აქვს დაწერილი ადამიანის მშვიდობიანი გამოხატვის მნიშვნელობაზე. ის, რომ გერმანიის საელჩო მშვიდობიანი რევოლუციის, როგორც მათ შორის ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის მეთოდს განიხილავს, ნიშანდობლივი უნდა იყოს ივანიშვილისთვის, რომ მისი ხელისუფლება მარადიული არაა და რომ მთავარი ძალა იყო, არის და იქნება ხალხი, რომელსაც მან 26 ოქტომბერს მოჰპარა თავისუფალი ნება, საკუთარი მომავალი განკარგონ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, ბოკუჩავამ ისაუბრა არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო პროტესტზე და აღნიშნა, რომ საპროტესტო ღონისძიებები ყოველდღიურად უნდა გაგრძელდეს.
„ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი აქცია იყო. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელოთ საპროტესტო ღონისძიებები. იქნება ეს მრავალრიცხოვანი შეკრება რუსთაველის გამზირზე, ან თუნდაც მზადება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, კულმინაციური პროტესტისთვის - იმ დღეს როდესაც ივანიშვილი ეცდება, რომ შეკრიბოს არალეგიტიმური პარლამენტი. მნიშვნელოვანია არჩევნების მიტაცებისადმი შეუგუებლობის მუდმივი დაფიქსირება, მაგრამ ამავდროულად დაუღალავი მუშაობა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე შენარჩუნდეს არსებული პოზიციები“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების აღიარება არ აქვს.
„ყოველდღიურ რეჟიმშია სხვადასხვა ტიპის პროტესტის გამოხატვა მოქალაქეების მხრიდან. სასამართლოში წარმოუდგენელი რამ ხდება - ერთიანდება საქმეები და მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო ადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ შორის, დაირღვა ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი. ასე რომ, იქნება ეს სააპელაციო სასამართლო, საოლქო კომისია, თუ თბილისის ქუჩები, რუსთაველის გამზირი, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, გაგრძელდება. ამასთანავე მნიშვნელოვანია მეორე ასპარეზი - საერთაშორისო ასპარეზი, რათა შევინარჩუნოთ არაღიარების პოლიტიკა არალეგიტიმური არჩევნების მიმართ. ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს პრაქტიკულად აღიარება არ აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების აღიარება არ აქვს, იმიტომ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0