06/10/2024
19:15
არჩევნები 2024
მივესალმები კრიტიკული მედიის გადაწყვეტილებას, რომ იყოს პრინციპული ეროვნული ინტერესების დაცვაში და რომ კრიტიკული ტელევიზიები უარს ამბობენ მოახდინონ რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ზოგიერთი ტელევიზიის გადაწყვეტილება, რომლებიც უარს აცხადებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოხარულია, რომ „კრიტიკული ტელევიზიები არ გახდნენ ივანიშვილის რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები“.
„სწორედ ივანიშვილის ამოცანაა რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, ყალბი შიშის დანერგვა ცრუ ნარატივებით და შემდეგ შიშზე დაფუძნებული კამპანიით ხელისუფლების შენარჩუნება. მოხარული ვარ, რომ კრიტიკული ტელევიზიები არ გახდნენ ივანიშვილის ამ რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხიც იზიარებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც კრიტიკულმა მედიებმა გამოხატეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“, ტვ „პირველმა და ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი“. ტელევიზიების განცხადების თანახმად, შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“ და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.
0
0