22/05/2024
19:37
სამართალი
რატომ არ იცავს გამჭვირვალობის პრინციპს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? - იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
საია-ს განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 მაისის სხდომის დღის წესრიგი სულ ოთხ საკითხს ითვალისწინებდა. სხდომის შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგი კანონის დარღვევით და უკვე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად წინა დღეს გამოქვეყნდა ვებგვერდზე. სხდომა 17 საათზე იყო დანიშნული და 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შენობის ფოიეში მოცდის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ და დამამცირებელ პირობებში შენობის შესასვლელ კარებსა და ტურნიკეტს შორის უწევთ სხდომის დაწყების ლოდინი.
პირველი საკითხის ფარგლებში „ზოგიერთი მოსამართლის მივლინების შესახებ“, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან თხელიძე ორი კვირით, როგორც მდივანმა სხდომაზე განაცხადა მისივე თანხმობით, მიავლინეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში. აქამდეც, აღნიშნული მოსამართლე არაერთხელ მიუვლენია საბჭოს, ვინაიდან კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლე დანიშნული არ არის.
მე-2 და მე-3 საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან.
მე-4 საორგანიზაციო საკითხი, რომელიც ბუნდოვანი იყო, როგორც მდივანმა სხდომაზე განმარტა მოიცავდა უზენაესი სასამართლოს კონკურსში მონაწილე კანდიდატების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის პროცედურას და ასევე, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების უვადოდ გამწესებას.
უზენაესი სასამართლოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის კონკურსში უმაღლესი ქულები დააგროვა - ბადრი შონიამ, გოჩა ჯეირანაშვილმა და გიზო უბილავამ. შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე გადავიდა სწორედ ეს სამი კანდიდატი. ამ პროცესში მონაწილე კანდიდატებს უფლება აქვთ ეს განკარგულება გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს ღია სხდომაზე, სათითაოდ ეყრება კენჭი და პარლამენტს წარედგინება ის სამი კანდიდატი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს მხარს.
გარდა ამისა, იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა”, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0