18/02/2023
10:22
კულტურა
საქართველოს მუზეუმთა ალიანსის თავმჯდომარე, გიორგი კალანდია 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
კალანდია წერს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რჩევისთვის მან შეკითხვით მიმართა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) იმ სამდივნოსა და საინფორმაციო ცენტრს, რომელიც იუნესკოს შენობაშია განთავსებული.
კალანდიას თქმით, ორგანიზაციის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტის მდივნის, ანასტასია ბელესიოტისაგან წერილობითი პასუხი მიიღო, რომელიც წერს, რომ მის სამუშაო ადგილზე, იტალიაში ეს შეიძლება ჩაითვალოს ვანდალურ ქმედებად, რადგან აღნიშნული აქტივობა არ იყო შეთანხმებული და განხორციელდა სხვის ქონებაზე.
"მიმდინარე წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნულ გალერეაში მომხდარ ცნობილ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებაში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები გამოიკვეთა. საკითხში მეტი სიცხადის შეტანისთვის საინტერესო იქნებოდა პროფესიული ორგანიზაციების მოსაზრების მოსმენა, თუმცა სამწუხაროდ ამ დარგში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) ის ადგილობრივმა ეროვნულმა წარმომადგენლობამ დუმილი არჩია.
აქედან გამომდინარე, მე, როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა პირველმა წევრმა და ამასთანავე საქართველოს მუზეუმთა ალიანსის თავმჯდომარემ 13 თებერვალს წერილობით რჩევისათვის მივმართე მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM)-ს იმ სამდივნოსა და საინფორმაციო ცენტრს რომელიც იუნესკოს შენობაშია განთავსებული. შეგახსენებთ რომ მუზეუმების საერთაშორისო საბჭო აერთიანებს 30 ათასზე მეტ ინდივიდუალურ და კოლექტიურ წევრს მსოფლიოს 165 ქვეყნიდან. მათ შორის მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს, გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებს. აღნიშნული ორგანიზაციის მესვეურებს ჩვენ დეტალურად აღუწერეთ 4 თებერვალს საქართველოს ეროვნულ გალერეაში მომხდარ ცნობილი ფაქტი, გავუგზავნეთ ფოტო მასალა და ვუთარგმნეთ კედელზე შესრულებული წარწერის შინაარსი, ამასთანავე ვთხოვეთ პროფესიული რჩევები და რეკომენდაციები. მიმდინარე წლის 17 თებერვალს მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტის მდივნის ანასტასია ბელესიოტისაგან მივიღეთ წერილი, რომელიც ვფიქრობთ ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანებისათვის იქნება საყურადღებო. ვაქვეყნებთ ციტატას:
"ეს მართლაც დელიკატური საკითხია, რომელიც შეიძლება ძირითადად დამოკიდებული იყოს თქვენი ქვეყნის კონკრეტულ კანონებზე... ამავდროულად, შემიძლია მაგალითისათვის მოგიყვანოთ იტალია - სადაც ამჟამად მე ვსაქმიანობ. აქ დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ჩაითვალოს ვანდალურ ქმედებად, რადგან აღნიშნული აქტივობა არ იყო შეთანხმებული და განხორციელდა სხვის ქონებაზე. ზოგჯერ მსგავსი მეორდება ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებითაც. ასევე, თუ ნამუშევარი ესთეტიკურად ლამაზია ან მხატვრის თვითგამოხატვის თავისუფალი ფორმაა, თუ არ არსებობს ნებართვა, ეს შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ ქმედებად, რომელიც აზიანებს მუზეუმის ქონებას" - ციტატის დასასრული.
ქალბატონმა ანასტასია ბელესიოტმა აღნიშნულ საკითხზე რჩევისათვის მიმართა მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM)-ს სხვა წარმომადგენლებსაც, ამდენად მათ პროფესიულ მოსაზრებებს საქართველოს მუზეუმთა ალიანსი ეტაპობრივად გაგიზაირებთ," - წერს კალანდია.
0
0