22/06/2023
14:51
კულტურა
21 ივნისს, მუსიკის მსოფლიო დღეს, იტალიაში, სიცილიის ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისი“ იტალიურ ენაზე პირველად შესრულდა იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „დაისის“ დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი; სცენოგრაფიაზე, განათებასა და კოსტიუმებზე კი გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, „დაისის“ დადგმაში მონაწილეობდნენ: „ტეატრო მასიმო ბელინის“ გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრი და იტალიაში მცხოვრები საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი თუ იტალიელი მომღერლები: მატეო ფალჩერი, დომენიკო ბალცანი, ანასტასია ბოლდირევა, რობერტო კრესკა. ცანგალას პარტია იტალიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბანმა – გიორგი ანდღულაძემ – შეასრულა, მაროს პარტია კი სოპრანო ევა კორბეტამ.
„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „დაისის“ წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში მუსიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს. მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, „დაისი“ თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას რეგულარულად წარმოადგენენ საოპერო თეატრის სცენაზე, რაც ისტორიული მოვლენაა ქართული ოპერისთვის.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ უპრეცედენტო პროექტით, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის ინიციატივით განხორციელდა, ბელინის საოპერო თეატრმა შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, მუსიკალურ-კულტურული სფეროების უკეთ გასაცნობად.
კატანიის ოპერის თეატრს „ტეატრო მასიმო ბელინი“ ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, ვინჩენცო ბელინის პატივსაცემად დაერქვა და ის 1890 წლის 31 მაისს კომპოზიტორის შედევრით „ნორმა“ გაიხსნა. ოთხიარუსიანი ოპერის თეატრი 1200 მაყურებელზეა გათვლილი. სხვადასხვა დროს ამ თეატრში შესრულდა ბელინის ყველა ოპერა. სცენაზე გამოსულან უდიდესი მომღერლები – მარია კალასი, მონსერატ კაბალიე, ლუჩანო პავაროტი და სხვა. 1951 წელს, კომპოზიტორის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარია კალასმა შეასრულა ნორმას პარტია ამავე სახელწოდების ოპერაში. რაც შეეხება „მუსიკის დღესასწაულს“, რომელსაც ასევე მუსიკის მსოფლიო დღედ მოიხსენიებენ, ის მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, 21 ივნისს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და საზოგადოებაში მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
საინტერესო ფაქტია, რომ „დაისზე“ მუშაობა ზაქარია ფალიაშვილმა 1921 წელს დაიწყო, მისი პრემიერა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 100 წლის წინ შედგა. წარმოდგენა კოტე მარჯანიშვილმა დადგა. „დაისის“ მთავარ გმირს სახელი ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა, ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამ ოპერის ლიბრეტო. ვ. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024