22/12/2022
14:52
მედიცინა
ორი წლის წინ, ჩვილი სახელად ფინლი, თანდაყოლი გულის დეფექტით დაიბადა. ფინლი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, ვისაც გულის ქსოვილის აღსადგენად ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს (ღეროვანი უჯრედი არასპეციალიზებული ახალი უჯრედია, რომელსაც საჭიროებისამებრ კონკრეტული ტიპის უჯრედად ჩამოყალიბების უნარი აქვს). ქირურგიული ოპერაცია პროფესორმა მასიმო კაპუტომ ჩაატარა. ბრიტანეთის ჯანდაცვის ფონდის პრეს რილიზის თანახმად, ამჟამად პროფესორი და ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი ერთად მუშაობენ, რათა ფინლისნაირ გულის თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვებს დაეხმარნონ.
დაბადებიდან ოთხი დღის შემდეგ, ფინლის არტერიების რეპოზიციის (გადაადგილების, სწორ ადგილას ფიქსაციის) მიზნით ღია გულის ოპერაცია ჩაუტარდა. 12 საათიანი პროცედურის შემდეგ, გულის მუშაობა დაირღვა, ფინლის მდგომარეობა გართულდა და მისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, პროფესორმა კაპუტომ ფინლის მშობლებს ალტერნატივა გააცნო - ღეროვანი უჯრედების ინექცია შესთავაზა, რომელიც პირდაპირ გულზე იმოქმედებდა.
რაში მდგომარეობს ახალი მიდგომის არსი? - ღეროვანი უჯრედების თაბაშირი
გულის ოპერაციების მეთოდების დასახვეწად პროფესორი კაპუტო 2003 წლიდან მუშაობს კვევებსა და კლინიკურ ცდებზე.
მან განავითარა ღეროვანი უჯრედების “თაბაშირი,” - წარმოიდგინეთ საკერებელი - რომელიც დონორების მიერ გაღებული ღეროვანი უჯრედებისგან შედგება და ოპერაციის დროს გულში თავსდება, “კერდება." ხელოვნური სინთეტიკური თაბაშირისა და გულის სარქველების ჩამნაცვლელებისგან განსხვავებით, ღეროვანი უჯრედების თაბაშირის გამოცვლა საჭირო არ ხდება ბავშვის ზრდასთან ერთად, ვინაიდან, უჯრედები ორგანიზმის ნაწილად ყალიბდებიან და თვითონვე იზრდებიან და მრავლდებიან. მკვლევრებს სჯერათ, რომ ღეროვანი თაბაშირები განმეორებითი ღია გულის ოპერაციების საჭიროებას გამორიცხავს და ბავშვებს სიცოცხლეს გაუადვილებს.
“ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის დაწყებიდან ორ კვირაში ფინლის მდგომარეობაში დამაიმედებელი ცვლილებები შევამჩნიეთ. სახლში პირველად დაბადებიდან 6 თვის შემდეგ მოვიყვანეთ აპარატზე მიერთებული, რომელიც დღესაც ეხმარება მას ღამით სუნთქვაში. არ ვიცით მომავალი რას მოგვიტანს, მაგრამ მადლიერები ვართ, რომ ფინლის სიცოცხლე ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის წყალობით გადარჩა და რომ მას სრულფასოვანი სიცოცხლის შანსი ეძლევა, რომელიც შეიძლება საერთოდ დაეკარგა,” - უამბო ფინლის დედამ LiveScience-ს.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0