26/10/2024
08:50
მსოფლიო
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, თეირანში აცხადებენ, რომ ირანი მზადაა, უპასუხოს ისრაელის „აგრესიას.“
„ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დარტყმების სამიზნე ირანში მდებარე სამხედრო სამიზნეებია. ამასთან, მათ კონკრეტული სამიზნეები არ დაუსახელებიათ. ისრაელელი სამხედროების თქმით, ეს არის პასუხი „ირანის რეჟიმის უწყვეტ თავდასხმებზე.“
ცნობისთვის, ისრაელის სამხედროების საპასუხო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც თეირანმა პირველ ოქტომბერს მასიური დარტყმა მიიტანა ისრაელზე. მაშინ ირანმა ისრაელის მიმართულებით გაუშვა დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა. ეს მოხდა ირანის მხარდაჭერით მოქმედი ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ, რომელიც ბეირუთში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბზე ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
„როიტერის“ ცნობით, ისრაელის საპასუხო თავდასხმის მასშტაბები ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის, თუმცა ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ათობით ავიაგამანადგურებელი ახორციელებს დარტყმებს ირანის სამხედრო ობიექტებზე.
ირანული სააგენტოების ცნობით, სამიზნეებს შორის არის თეირანის დასავლეთით მდებარე რამდენიმე სამხედრო ბაზა.
ამასთან, ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამიზნეები არ მოიცავდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ან ბირთვულ ობიექტებს.
ამავდროულად, ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება ძლიერი აფეთქებების შესახებ თეირანის შემოგარენში. ირანის დაზვერვის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადეს, რომ ხმამაღალი აფეთქებების ხმა „შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის გააქტიურებასთან.“
„ბიბისის“ სპარსული სამსახური თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადგილობრივი დროით 02:13-ზე 7-დან 15-მდე აფეთქება გაისმა ირანის დედაქალაქის შემოგარენში, სამხრეთით ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში და ქალაქ ქარაჯის რაიონში, თეირანიდან 40 კმ-ის დასავლეთით.
„ბიბისის“ ცნობით, ირანმა საჰაერო სივრცე დახურა და ყველა აეროპორტის მუშაობა შეაჩერა. „ბიბისის“ ინფორმაციითვე, გვიან ღამით ისრაელმა დარტყმების მეორე ტალღა წამოიწყო.
ამასთან, სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანის აღმოსავლეთით კიდევ ოთხი აფეთქება გაისმა.
ირანის სახელმწიფო მედია ამ ეტაპზე უარყოფს, რომ ისრაელის თავდასხმებმა რაიმე რეალური ზიანი მოჰყვა. მათივე ცნობით, აფეთქებები ასევე მოხდა სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს, კერძოდ, დარტყმები განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე ცენტრალურ და სამხრეთ სირიაში. ამასთან, სირიის სახელმწიფო ტელევიზია ამტკიცებს, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ისრაელის მიერ ნასროლი რაკეტები.
ისრაელს სირიაზე დარტყმის განხორციელება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
0
0