16/11/2022
00:40
სამართალი
ისრაელელი, რომლის მოკვლასაც გეგმავდა საქართველო-ირანისა და პაკისტანის მოქალაქეების ჯგუფი, იციკ მოშეა - საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების ქართული ბიურო, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე გამოცემის ცნობით, ინფორმაციას ისრაელის მედიაც აქვეყნებს.
ისრაელის მოქალაქის მკვლელობის გეგმების აღკვეთის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ნოემბერს განაცხადა.
„საქართველოში შეთქმულების გამოვლენის შემდეგ, მათი უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობდნენ ისრაელის დაზვერვასთან“, - ციტირებს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში წყაროს Jerusalem Post.
გამოცემას წყარომ უთხრა, რომ „ირანი წარსულშიც გეგმავდა ტერორისტულ თავდასხმებს საქართველოში“, მათ შორის 2021-2022 წლებში და ეს არ არის იციკ მოშეს სამიზნეში ამოღების პირველი შემთხვევა.
იციკ მოშე დაიბადა 1959 წელს და საქართველოდან ისრაელში გადავიდა 1971 წელს. 62 წლის ბიზნესმენი ისრაელის სახლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე 2013 წლიდან. ეს ორგანიზაცია კონცენტრირებულია ისრაელის სახალხო დიპლომატიაზე აღმოსავლეთ ევროპაში. მოშე იყო ებრაული სააგენტოს წარმომადგენელი და პირველი ხელმძღვანელი კავკასიასა და ცენტრაკლუ აზიაში 1990 წლიდან.
სუს-ის ინფორმაციით, ირანის მოქალაქემ საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე და ისრაელის მოქალაქის მოკვლა დაავალა. მისთვის იარაღის მიწოდებაში კი ჩაერთო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების ჯგუფი.
უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც „აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“.
„იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები“, - თქვეს სუს-ში და დაამატეს: „ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება“.
წყარო: რადიო თავისუფლების ქართული ბიურო
0
0