21/02/2022
13:50
პოლიტიკა
საუბარია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებაზე, რითაც ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროებას ითხოვს და როგორც აცხადებს, საჭიროა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა საკანონმდებლო ცვლილებებზე დასკვნები. ნინო ლომჯარიას განმარტებით, სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ ომბუდსმენის აპარატმა ეუთო/ოდირს მიმართა და საკითხის ისე წარმოჩენა, რომ გაგზავნილ წერილში რაღაც კონსპირაცია იყო, ნამდვილად არასწორია.
„პარლამენტის ვალდებულება იყო, რომ გაემართა კონსულტაციები, მათ შორის, სახალხო დამცველთანაც, როდესაც საქმე ეხებოდა ადამიანის უფლებების დაცვისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის სამ დღეში გაუქმებას და ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ამ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას.
რაც შეეხება ეუთო/ოდირისადმი მიმართვას, პრაქტიკა, რომ სახალხო დამცველის მიმართვის შემთხვევაში მან წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიაროს რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან, ნამდვილად არ არსებობს. თუმცა, სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს. მიღებული დასკვნა ჩვენ არ გადაგვიგზავნია პარლამენტისთვის, არამედ, როდესაც მოთხოვნა გაიგზავნა, ამის შესახებ თავად ეუთო/ოდირმა აცნობა საქართველოს საელჩოს ეუთო/ოდირში. შესაბამისად, ისინი თავიდანვე იყვნენ ინფორმირებული ჩვენ მიერ გაგზავნილი მოთხოვნის თაობაზე ისევე, როგორც ეუთო/ოდირმა მიღებული დასკვნა სახელმწიფოს მიაწოდა არა ჩვენი მეშვეობით, არამედ დამოუკიდებლად. ამიტომ, არასწორია ის განცხადება,რომ სახელმწიფომ არ იცოდა ჩვენ მიერ ინიცირებული პროცესის თაობაზე. რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ მიეწოდებინათ შესაბამისი არგუმენტები. ეს არის დაჩქარებული პროცედურით მიღებული დასკვნა, ვინაიდან, მხოლოდ ერთი კვირა დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება შეჩერების თაობაზე.
ამაში, რაღაც ისე წარმოჩენა, რომ კონსპირაცია იყო გაგზავნილ წერილში, ნამდვილად არასწორია. ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს და ვთხოვეთ მათ, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეს არის გაწერილი პროცედურა, ეუთო/ოდირს წარმოედგინა მოსაზრება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც აუქმებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატს. წარმოედგინა მოსაზრება, რამდენად შეესაბამებოდა მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იყო ჩვენი თხოვნა, რომელიც გაიგზავნა და რომელსაც წინ უძღოდა ჩვენი მხრიდან პროცესის აღწერა, ჩვენი მოსაზრებები ამ პროცესთან დაკავშირებით და ასევე, ჩვენ გავუგზავნეთ არაოფიციალური თარგმანი“,- აცხადებს ლომჯარია.
მისი შეფასებით, ანრი ოხანაშვილის მიერ ამ საკითხთან მიმართებით გაკეთებული განცხადება იყო მცდელობა იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება იყოს გადატანილი ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე.
„აქ მთავარი, რაც ეუთო/ოდირის მიერ ითქვა, არის ის,რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტეტული, ადამიანი უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ პროცესით მიღებული ცვლილებები, რომელიც აუქმებს დამოუკიდებელი ხელმძღვანელი პირის ვადას და რომელიც მიღებული იქნა ყოველგვარი ჩართულობის, კონსულტაციების, რაიმე კვლევებისა და დასაბუთების გარეშე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ძალიან კონკრეტული მაგალითები აქვს მოყვანილი. ვფიქრობ,რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი რეკომენდაციები გაიცა. ვფიქრობ,რომ ძალიან სწორი იქნება, თუ შეჩერდება ამ კანონის მოქმედება, ჩვენ გადავალთ რეალური კონსულტაციების რეჟიმში და ამ კონსულტაციების პროცესში საქართველოს პარლამენტი მოისმენს ყველა კომპეტენტური, დაინტერესებული მხარის კომპეტენტურ მოსაზრებას. რა თქმა უნდა, პარლამენტს უფლება აქვს იმსჯელოს სხვადასხვა ინსტიტუტების რეფორმაზე,მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს რეალურად ორიენტირებული ამ ინსტიტუტების რეფორმისკენ და ეფუძნებოდეს გარკვეულ კვლევებს, მოსაზრებებს და ა.შ“, - აცხადებს ლომჯარია.
0
0