14/03/2023
16:27
სპორტი
New York Times-ის ჟურნალისტი, რორი სმიტი „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ესტუმრა და მის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
„ევროპული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი საკმაოდ მორიდებულია. ბოლო 9 თვის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა ის, რომ არ არსებობს არაფერი, რაც მას წონასწორობიდან გამოიყვანს. მისთვის ყველაფერი ისე ისე შეუფერხებლად წარიმართა, რომ ხანდახან თავადაც კი იყო გაოგნებული“, - წერს ჟურნალისტი.
„მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია“ - ამბობს კვარაცხელია.
„ტრაექტორიები, რომელსაც კვარაცხელია ხაზავს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ არსებობს. აღარ არსებობს შუაღამის სენსაციები. თანამედროვე ახალგაზრდა ფეხბურთელებს 10 წლის ასაკში აგენტები ჰყავთ, 12 წლიდან ფეხსაცმელების კომპანიასთან დებენ კონტრაქტს, 14 წლიდან კი „იუთუბის“ ვარსკვლავები ხდებიან. ქართველის შემთხვევაში ასე არ მოხდა. ის 21 წლამდე რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდში, ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. ეს არ არის ისეთი გარემოება, საიდანაც შესაძლებელია, რომ ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველ შემტევ ძალებს შორის აღმოჩნდეს. თუმცა ეს სწორედ ისაა, რაც მოხდა.
ნეაპოლში ჩასვლისთანავე მას გულშემატკივრები კვარადონას, ან კვარავაჯოს ეძახდნენ. საქართველოში ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ ჩარტერული ფრენები მოაწყო ნეაპოლის მიმართულებით გუნდის საშინაო მატჩებზე დასასწრებად, რათა, როცა ის მოედანზე გადის, „მარადონას“ სტადიონის ერთ პატარა კუთხეში საქართველოს დროშები სულ ფრიალებდეს“, - ვკითხულობთ სტატიაში.
„მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ადამიანები ჩემს მიმართ გამოხატავენ. ვიცი, რომ ეს ქებაა, მაგრამ ასევეა მოტივაცია და შთაგონება. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე ყველა თამაში უნდა დავამტკიცო, რომ იმის გაკეთება შემიძლია, რასაც გულშემატკივარს დავპირდი.
ის თავისუფლება, რომელსაც მოედანზე ვგრძნობ, ჩემშია. ეს იმიტომ ხდება, რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ. როცა ვთამაშობ, ეს რაღაცნაირად მიტაცებს. ლუჩანო სპალეტისთან თავდაპირველად კარგი საუბარი მქონდა. მან მითხრა ის, თუ რას ელოდა ჩემგან. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დაცვაში მუშაობაზე ფოკუსირებაზე, გუნდური თამაშის ნაწილისა და გუნდური სულის მნიშვნელობაზე. ეს არის ის, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია
მე ფეხბურთს გულით და მონდომებით ვთამაშობ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია გონების ნაწილიც. ეს ყველაფერი მეტად ცხადი მას შემდეგ ხდება, როდესაც ვარჯიშზე ყველაფერს შეასრულებ და შეცდომებზეც ისწავლი. რა თქმა უნდა, გულით და მონდომებით თამაში კარგია, თუმცა თუ გონებას არ გამოიყენებ, ვერასოდეს განვითარდები.“ - განაცხადა კვარაცხელიამ.
0
0