19/10/2022
11:13
სამართალი
„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მართალია და დაკავების ამბავი გაუკვირდა. მამუკა ბლიაძემ ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„მე დღეს შევხვდი ლაშა ფურცხვანიძეს. იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია. გავესაუბრე, დეტალები გავიარეთ. ჯერ ბრალი და საქმის მასალები არ გადმომცემია და საქმეს დეტალურად ვერ ვიცნობ. უბრალოდ, მას გაუკვირდა დაკავების ამბავი. დღეში სამჯერ მიდიოდა გამოკითხვაზე და თუ დასაკავებელი იყო, მივიდოდა და დააკავებდნენ. რამ გამოიწვია სამსახურში, ოფისში მისი დაკავება, გაუგებარია. ჩვენება ყველაფერი გამოძიებისთვის დეტალურად აქვს მიცემული. იგი თანამშრომლობდა და გააგრძელებს თანამშრომლობას. მისი ბრალეულობა არაფერი არ არის“, – აცხადებს ადვოკატი მამუკა ბლიაძე.
ბლიაძის თქმით, ყველა ცვლილება, რაც სამუშაოს პროცესში განხორციელდა, მერიასთან იყო შეთანხმებული.
„როგორც ვიცი, პროექტი რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ რაც შეიცვალა ყველაფერი შეთანხმებული იყო მერიის სამსახურებთან და როცა ცვლილება შედიოდა, იმის მიხედვით ხდებოდა ყველა სამუშაოს განხორციელება. მერიასთან შეთანხმებული იყო, რაც იცვლებოდა, ცვლილების შემდგომ მიმდინარეობდა სამუშაოები. მერე დატესტეს, სამი დღე იმუშავეს, ეს ყველაფერი დაიტესტა, ტელევიზიამაც გადაიღო. ფურცხვანიძე თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია თვითონაც, არაფერი პრობლემა არ უნდა შეჰქმნოდა. ასევე გაოგნებულია „გრინსერვისის“ ორი თანამშრომელი, ვისაც მე ასევე ვიცავ. მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ, თითქოს ექსპერტები აიძულეს, რომ ყალბი დასკვნა გაეკეთებინათო, ეს აბსურდია“, – განაცხადა ბლიაძემ.
0
0