04/09/2024
09:05
სპორტი
ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი მოწინააღმდეგე 15-ით 11 ანგარიშით დაამარცხა.
ნინო თიბილაშვილი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გუნდურ თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.
...
ნინო თიბილაშვილმა ამ გამარჯვების შემდეგ კომენტარიც ააკეთა:
„ეს ჩემთვის მეორე პარალიმპიადა იყო. პირველი ტოკიოში გაიმართა და პანდემიის გამო დარბაზი ცარიელი იყო. ამჯერად სავსე ტრიბუნებმა დიდი ემოცია შემოიტანა. ვეცადე ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა. მართალია, ეს ბრინჯაოს მედალია, მაგრამ ჩემთვის ოქროს უდრის. რთული და ემოციური შეხვედრები მქონდა. მადლობა ჩემს ყველა მოწინააღმდეგეს ღირსეული ბრძოლისთვის. გილოცავ, საქართველო!“ - განაცხადა თიბილაშვილმა.
რაც შეეხება ეტლით მოფარიკავე კიდევ ერთ სპორტსმენს, ირმა ხეცურიანს, ის ჩინელ მეტოქესთან დამარცხდა. მან გუშინდელი ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
აღსანიშავია, რომ ნინო თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი დღეს კიდევ ერთხელ ჩაერთვებიან ტურნირში. ამჯერად ისინი რაპირით ფარიკაობაში სცდიან ბედს, რომელიც 15:00 საათიდან დაიწყება.
დღესვე იასპარეზებს პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული, პნევმატური შაშხანიდან სროლა 50 მეტრზე.
პარიზიდან თბილისში კი უკვე დაბრუნდნენ პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე. მათ თბილისის აეროპორტში მედიასთან კომენტარიც გააკეთეს.
გიგა ოჩხიკიძე, პარალიმპიური ჩემპიონი ბირთვის კვრაში:
„დიდი მადლობა ყველას სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის, ასეთ დახვედრას ნამდვილად არ მოველოდი. გილოცავთ, ეს მედალი საქართველოს ეკუთვნის“.
ანა ჯაფარიძე, ბრინჯაოს მედალოსანი ტაეკვონდოში:
„ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის სახელი ასეთ დონეზე გაგაქვს. ორმაგად გახარებული ვარ, რადგან პარატაეკვონდოში ასეთი შედეგი ქართველებს ჯერ არ გვქონია“.
0
0