08/06/2022
11:59
მსოფლიო
„აღმოსავლეთ ირანში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი - მძიმედ დაშავდა,“ - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.
დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, თუმცა ოთხშაბათს დილით მომხდარი კატასტროფის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია. მატარებელს 350 მგზავრი გადაჰყავდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მატარებლის შვიდი ვაგონიდან ოთხი რელსებიდან გადავარდა უდაბნო ქალაქ ტაბასის სარკინიგზო ხაზთან. ტაბასი დედაქალაქ თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 550 კილომეტრში მდებარეობს. მატარებელი ლიანდაგის მახლობლად მდგარ ექსკავატორს შეეჯახა.
სამაშველო ჯგუფები სასწრაფო დახმარების მანქანებით და ვერტმფრენებით ჩავიდნენ ინციდენტის ადგილზე, სადაც სუსტი საკომუნიკაციო პირობებია. ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე, 16 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ირანში მატარებლის ყველაზე საზარელი ავარია 2004 წელს მოხდა, როდესაც ბენზინით, სასუქით, გოგირდითა და ბამბით დატვირთული მატარებელი ისტორიულ ქალაქ ნეიშაბურთან რელსებიდან გადავარდა; დაიღუპა 320 და დაშავდა 460 ადამიანი, ასევე დაზიანდა ხუთი სოფელი. 2016 წელს კი, კიდევ ერთ მატარებლის ავარიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
ირანს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14,000 კმ-იანი სარკინიგზო ხაზი აქვს, რაც ორნახევარჯერ აღემატება ტეხასის ზომას. მისი სარკინიგზო სისტემა ემსახურება როგორც ადამიანებს, ასევე გამოიყენება საქონლის გადასაზიდად მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სოფლად.
ირანის მაგისტრალებზე საგზაო ინციდენტების შედეგად, ყოველწლიურად 17,000-მდე ადამიანი იღუპება, რაც მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეკორდია.
0
0