12/07/2024
17:21
ეკონომიკა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს სხდომაზე თავისი გამოსვლა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
,,დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ქართულ საზოგადოებას უდიდესი ბედნიერება მიანიჭა. გაწეული უდიდესი შრომისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის ხელმძღვანელს ლევან კობიაშვილს, მწვრთნელებს და ტექნიკურ პერსონალს. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელმაც გამორჩეული ერთიანობა აჩვენა მსოფლიოს’’, -აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ირაკლი ხელაძე ასევე საკრებულოს სხდომის მიმდინარე საკითხებს, კერძოდ კი, დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდის მნიშვნელობას შეეხო და მწუხარება გამოთქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას მისი ოპოზიციონერი კოლეგები არ ესწრებიან.
,,ყველას კარგად გვახსოვს, რომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცების დროს ჩვენი ოპონენტების ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ვამბობდით, რომ წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა. დღეს გაზრდილი ბიუჯეტი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტისა და პროგრამის დამატებითი დაფინანსების და ამასთანავე, დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის გამოკვეთილი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა’’,-განაცხადა ირაკლი ხელაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპასუხოდ, რომელიც მუდმივად ქვეყნის სტაგნაციასა და ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნაზე საუბრობს, თბილისის ბიუჯეტი 48 000 000 ლარით იზრდება, რაც დედაქალაქის მეტი განვითარების საწინდარია.
,,ჩვენი დედაქალაქი ვითარდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება’’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.
0
0