20/09/2022
12:59
სამართალი
პროფესორმა თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში დავა მოუგო.
ზაალიშვილის მტკიცებით, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, ცილისმწამებლურია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.
მოსარჩელის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და თავისი შვილის - ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.
ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით, სიმბოლურად, 5 555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან (ნოდარ მელაძისგან და მაკა ჩიხლაძისგან) კი 5-5 ლარს ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტელეკომპანიას დაევალა, გამოაქვეყნოს და გააშუქოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ამ ამბის ცილისმწამებლური ნაწილი დადგინდა.
თამარ ზაალიშვილი, ასევე, უჩიოდა მარინე მიქაუტაძეს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია და სიუჟეტში რესპონდენტი იყო. ის დიპლომების გაყალბების შესახებ საუბრობდა. სასამართლომ მასაც 5 555 ლარის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედამ თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივლა. კობახიძის დედა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და კომპენსაციას ითხოვდა.
თამარ ზაალიშვილი იმ სიუჟეტის შინაარსის შესახებ დავობდა, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული წლის ივლისში გავიდა.
სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვებოდა, რომ სავარაუდოდ, თეატრალური უნივერსიტეტი ყალბ დიპლომებს გასცემდა.
„დოკუმენტებში ქექვამ და უნივერსიტეტიდან გაცემული დიპლომების შესწავლამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ თეატრალური უნივერსიტეტის ბეჭედდასმული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები სინამდვილეში ფარატინა ქაღალდებია... ყველას სტუდენტს ერთი რამ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აერთიანებთ, უფრო სწორად, ეგონათ, რომ აერთიანებდათ, ვიდრე არ გაირკვა, რომ უმაღლეს სასწავლებელში 4 წელი ტყუილად იარეს“, - ამბობდა მაკა ჩიხლაძე სიუჟეტში.
0
0