23/09/2021
11:10
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ანტონიო გუტიერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაერო-სა და გენერალური მდივნის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები უმნიშვნელოვანესი მექანიზმებია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაესვა გაერო-ს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა გაერო-ს ჩართულობისა და გადამწყვეტი ნაბიჯების მნიშვნელობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენის საქმეში.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
0
0