04/02/2022
12:10
სამართალი
სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა, მეხსიერების დაკარგვის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხალხს მახსოვრობა არ დაკარგვია“.
„ამასწინათ ერთ-ერთმა მისმა (ბიძინა ივანიშვილის) წარმომადგენელმა თქვა, მახსოვრობა რომ დაეკარგა სააკაშვილსო, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დაეკარგაო. მინდა ვუთხრა მას - როდესღაც ეს კაცი ადამიანი იყო და შემდეგ დეგრადირდა, ხდება ხოლმე, მახსოვრობა შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ მიწაზე მათრიეს; შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ საწოლში ღამე 200 წნევით მახრჩობდნენ; შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ გადაძახილს მიწყობდნენ 24 საათი გლდანში. მახსოვრობა დამეკარგა, მაგრამ არა იმდენად, რომ დამავიწყდეს და ჩვენ ხალხსაც არ დაეკარგა მახსოვრობა. ძალიან კარგად იცის ხალხმა, რაზეა საუბარი.
გუშინ გამოვიდნენ, ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო. სააკაშვილის ბრალი ყოფილა. სასამართლო სისტემას ვთხოვ - გთხოვთ, სასწრაფოდ დამიმძიმეთ ბრალი. გუშინ „ოცნებამ“ თქვა, რომ კომუნალურები რომ თითქმის ორჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალია; ის, რომ კომბოსტო 3-ჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალი ყოფილა; ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები და ის, რომ ხალხს არ გაეზარდა ხელფასები, ჩემი ბრალია. დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, მართალი რომ ვთქვათ - ჩემი ბრალია, რომ ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება დავუშვი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებიც და რამდენიმე პოლიტიკოსი.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024