19/04/2024
13:20
სხვადასხვა
მეცნიერებმა პრეისტორიული ხანის გიგანტური გველის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც დღევანდელი ინდოეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 47 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.
მეცნიერები თვლიან, რომ გველის გადაშენებული ჯიში შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე [ანაკონდასა და პითონთან შედარებით, რომლებიც 6 მეტრამდე იზრდება] დიდი ზომის სახეობა ყოფილიყო. გველის ახალ სახეობას მეცნიერებმა Vasuki indicus-ი უწოდეს, ინდუისტური ღვთაების ლორდ შივას კისერზე შემოხვეული მითიური გველის მიხედვით.
კვლევის თანახმად, გველი, სავარაუდოდ, ნელა მოძრავი მახრჩობელა მტაცებელი იყო. უტარახანდის შტატში ჩატარებული კვლევის ორმა ავტორმა 27 ფოსილიზებული ხერხემლიანი ცხოველი შეისწავალა, რომლებიც, 2005 წელს, დასავლეთ ინდოეთის გუჯარატის შტატში, ქვანახშირის მაღაროში აღმოაჩინეს.
„თავდაპირველად, გვეგონა, რომ ძვლები უძველესი ნიანგის მსგავს არსებას ეკუთვნოდა. 2023 წელს, კვლევის საწყის ეტაპზე, განსაკუთრებულად დიდი ზომის გველის ნამარხ ნაშთებს მივაგენით. მისი გიგანტურობა, შესაძლოა, საკვები რესურსებით მდიდარმა ხელსაყრელმა გარემომ და, დღევანდელთან შედარებით, თბილმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. ორი განსხვავებული საანგარიშო მეთოდის საფუძველზე, ფართო და ცილინდრული სხეულის მქონე გველის სიგრძე 10,9-15,2 მ. იქნებოდა. გველის ეს სახეობა ცხოვრობდა ხმელეთზე და არა წყალში, როგორც ანაკონდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავისი ზომის გამო ის ხეებზე ჩამოკიდებას შეძლებდა“, - განაცხადეს მკვლევარებმა.
როგორც პალეონტოლოგებმა დებაჯიტ დატამ და სუნილ ბაჯპაიმ განაცხადეს, მათ არ აქვთ ქვეწარმავლის სრული ჩონჩხი. თუმცა, Vasuki indicus-ი, გველის ყველაზე ცნობილ სახეობას - გადაშენებულ ტიტანობოას, ზომით ნამდვილად აღემატებოდა.
„როგორც ცნობილია, გველები ცივსისხლიანები არიან და გადარჩენისთვის თბილი გარემო სჭირდებათ. მათი ზომა,
შესაბამისად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თბილია კლიმატი. გველის სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან ერთად მერყეობს. ასე რომ, გარემოს უფრო მაღალი ტემპერატურა Vasuki indicus-ის სხეულის შიდა ტემპერატურას და მეტაბოლურ სიჩქარეს გაზრდიდა. სავარაუდოდ, Vasuki indicus-ი ჭაობში, თბილ, ტროპიკულ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდა, როდესაც საშუალო წლიური ტემპერატურა 28 გრადუსი ცელსიუსია. ზუსტად ვერ ვიტყვით, რა ტიპის ცხოველებს ჭამდა Vasuki. კლდეებიდან შევაგროვეთ ძვლოვანი თევზის, კუს, ნიანგებისა და პრიმიტიული ვეშაპების ნამარხიც კი. შესაძლოა, Vasuki indicus-ი ზოგიერთ მათგანზე ნადირობდა,“ - ნათქვამია კვლევაში.
0
0