29/09/2024
13:23
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმედგაცრუებულია შვეიცარიის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს ჩინეთისა და ბრაზილიის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება.
„ჩვენთვის გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილების ლოგიკა, ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიის კონფედერაციასთან ერთად, 15-16 ივნისს ბიურგენშტოკში მოვაწყვეთ პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტი, რომელსაც ესწრებოდა ასი ქვეყნისა და საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი.
ჩვენი ქვეყნები აგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ამ სამიტის საბოლოო კომუნიკეს ხელმომწერთა რაოდენობის გაზრდის მიზნით.
შვეიცარია მონაწილეობს თემატურ კონფერენციებში მშვიდობის ფორმულის კონკრეტულ პუნქტებზე, რომლის მიზანია მოამზადოს საერთო სამშვიდობო ჩარჩო უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის აღდგენისთვის“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, უკრაინაში მშვიდობის შესახებ ყველა იდეას, განხილვასა და გეგმას ორი პრინციპი უნდა ჰქონდეს - არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე და ეს წინადადებები უნდა ეფუძნებოდეს გაეროს წესდებას და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ ასეთი მშვიდობიანი იდეების განხილვა შესაძლებელია სამშვიდობო სამიტის მიერ შემოთავაზებულ პლატფორმაზე.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა არის ერთადერთი გზა ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. არ არის საჭირო დამატებითი ფორმატებისა და პლატფორმების შექმნა უკრაინის მშვიდობის მიღწევის გზების განხილვისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნეს სამინისტროში.
რაც შეეხება ჩინეთისა და ბრაზილიის ინიციატივებს, უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს შვეიცარიას და ყველა ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს „სამშვიდობო ინიციატივებში“, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ გაართულონ უკრაინის სამართლიანი მშვიდობის მიღწევის პროცესი.
„იმ ინიციატივებს, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის ფაქტს, აიგივებენ მსხვერპლსა და აგრესორს და გვთავაზობენ დეესკალაციას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიების ხარჯზე, ვერ ექნება უკრაინის მხარდაჭერა“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.
0
0