19/11/2024
11:17
პოლიტიკა
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებულ მოქალაქეებს მოინახულებენ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 08:00 საათისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში.
„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. (https://shorturl.at/3BLvg) სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.
ამასთან, დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წლის 16 ნოემბერს ასევე მოინახულა ცესკოს შენობის წინ დაკავებული სამი მოქალაქე. დაკავებული მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა მიუთითა რომ იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან, ასევე, სამივე მათგანმა მიუთითა არაეთიკურ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
სახალხო დამცველის აპარატმა სამივე შემთხვევაზე განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
სახალხო დამცველის აპარატი შეახსენებს საზოგადოებას, რომ აპარატის ცხელი ხაზია - 1481, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024