29/05/2024
14:15
ეკონომიკა
იცის რა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სანქციები უახლოვდება, საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა - დასავლეთიდან და ოფშორებიდან ფულის გამოტანაზე ბიძინა ივანიშვილი ზრუნავს! - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პირველად ივანიშვილმა ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც დაინახა, რომ შვეიცარიის ბანკში განთავსებულ ფულს ვერ იღებდა.
“ფულს იმის გამო ვერ იღებდა, რომ შვეიცარიული ბანკი გაკოტრდა და გაკოტრებული ბანკი შვეიცარიის მეორე დიდმა ბანკმა მიიერთა. ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბანკის მიერ ფულის არდაბრუნება ივანიშვილმა მის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობად გაასაღა, რომელსაც თურმე მთელი მსოფლიო აორგანიზებს, მასონების მეთაურებით. აქედან არის დაწყებული ეს აბსურდული კონცეფცია, რომ საქართველოს გლობალური ომის პარტია ებრძვის, სურთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას - ეს და სხვა სისულელეები თავის სამოქმედო პროგრამად გადააქცია“, - განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
გოცირიძემ აღნიშნა ისიც, რომ დღევანდელი საქართველო არ არის ისეთი, რაც გუშინდელ დღემდე - “აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევამდე იყო. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დასავლურ კურსს აქცია ზურგი, ქვეყნის კონსტიტუციას უღალატა და ქვეყანა რუსული ორბიტისკენ წაიყვანა.
“არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე კანონს იღებთ და მთავარი არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართუ“ საიდან იღებს ფულს, რა ფინანსურ დახმარებებს ეწევა, რა გადარიცხვები ხდება, რა მიაქვს და მოაქვს ოფშორში, არავინ იცის - ეს არის ყველაზე გაუმჭვირვალე მილიარდების მქონე ფონდი“, - მიმართა “ქართულ ოცნებას“ რომან გოცირიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა.
მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.
0
0