19/10/2024
12:19
მსოფლიო
იაპონიაში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მმართველი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ოფისს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია NHK იუწყება.
თავდამსხმელმა, 49 წლის აცუნობე უსუდამ პარტიის ტოკიოს ოფისის ტერიტორიაზე „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდო, შემდეგ კი მანქანით პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ღობეს შეეჯახა. ასევე მან სასიგნალო რაკეტების მსგავსი საგნები პოლიციის მანქანებს ესროლა.
უსუდუ ადგილზე დააკავეს, ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აცუნობე უსუდას მანქანაში „მოლოტოვის კოქტეილის“ კიდევ რამდენიმე ბოთლი აღმოაჩინეს.
თავდასხმის მოტივები უცნობია, დაკითხვაზე უსუდამ დუმილის უფლება გამოიყენა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სიგერუ ისიბამ და ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ „დემოკრატიის დროს ძალადობა დაუშვებელია“.
იაპონიაში 27 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ კორუფციული სკანდალის გამო მან ბოლო თვეებში რეიტინგი დაკარგა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ოპოზიციას იაპონიაში გაცილებით ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს. გამოკითხულთა მესამედი კი არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს.
0
0