16/12/2022
19:34
მედიცინა
“იანვრიდან კლინიკების დაჯარიმება დაიწყება”, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს.
„კლინიკები გარკვეულ მაღალტექნოლოგიურ გეგმიურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ იმის გამო, რომ გასაშუალოებულ ტარიფში საშუალოზე ოდნავ მაღალი თანხა სჭირდებოდათ რეალურად, თუმცა კომუნიკაცია გვაქვს და გარკვეულ კოდებზე უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ოპერაციები გააკეთონ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ჩარევაზე შესაძლოა იზარალონ კიდევაც.
წერილობით ვაცნობებთ კლინიკებს, რომ ეს არის დარღვევა და პირველი იანვრიდან, როდესაც საპილოტე რეჟიმი დასრულდება, კლინიკებს ასეთი ტიპის შემთხვევებზე საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. არის კოდები, სადაც ფასის შემცირება იქნება, არის კოდები, სადაც მომატება იქნება იქიდან გამომდინარე, რა სტატისტიკაც დაიდება ორი თვის შედეგად,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.
დამატებითი მომსახურებების, მაგალითად „ვიაიპი“ პალატის ან კონკრეტული წარმოების სამედიცინო მასალის გამოყენების სურვილის შემთხვევაში პაციენტს უფლება აქვს, ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო ჩარევისთვის, დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვა და მთელი სერვისის ღირებულება კერძო დაზღვევის საშუალებით ან საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს.
დიარჯის საპილოტე რეჟიმისთვის ორთვიანი ვადა – ნოემბერ - დეკემბერი იყო გამოყოფილი, რა დროსაც ხარვეზების შემთხვევაში კლინიკები არ ჯარიმდებიან. იანვრიდან კი საჯარიმო სანქციები ამოქმედება. კერძოდ, პირველი ნოემბრიდან კლინიკა, რომელიც პაციენტს დადგენილ ანაზღაურებაზე მეტ თანხას გადაახდევინებს, ამ შემთხვევისთვის დაწესებული ტარიფის სამმაგი ოდენობით დაჯარიმდება. დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 6 თვით გამოეთიშება.
0
0