19/02/2024
11:54
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგოლს ყირგიზეთი იკავებს – 46.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 41.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 40.9 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 203.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 148.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 76.4 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 19.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 101.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 80.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 66.8 მლნ. აშშ დოლარით.
0
0