24/10/2024
14:05
სპორტი
26 ოქტომბერს აბუ დაბიში UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თავისი ქამრის დაცვას პირველად შეეცდება. მისი მეტოქე ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეია.
ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ დაპირისპირებისთვის მზადაა, თუმცა არ ფიქრობს, რომ ჩხუბი ხუთ რაუნდს გაგრძელდება.
„მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მზად 10 და 15 რაუნდისთვისაც ვარ, თუმცა ვფიქრობ, ბრძოლა ვადაზე ადრე დასრულდება. მე მას პირველივე წამებზე ოქტაგონის ცენტრისკენ მივუთითებ. თუ ამაზე უარს იტყვის, ჩხუბის ვადაზე ადრე დასრულებისთვის სხვა გზას მოვძებნი.
ის კარგი დამრტყმელია, თუმცა სირცხვილია იმის თქმა, რომ UFC-ში საუკეთესო მოკრივეა. გამოცდილი და მომთმენია, თუმცა ეს ყველაფერი ადვილი მაშინაა, როცა მეტოქე შენი სტილით ბრძოლას გაცდის და პრესინგზე არ მოდის. შაბათს ის ისეთ რამეს გადააწყდება, რაც აქამდე არ უნახავს.
ჩემი შემდეგი ბრძოლა მადრიდში უნდა შედგეს. თუ ალექსანდრ ვოლკანოვსკის სურს მეჩხუბოს, ის იქ უნდა ჩამოვიდეს. რატომ უნდა ჩავიდე ავსტრალიაში და ქამარი მის ტერიტორიაზე დავიცვა?
ჩემთან ერთად გურამ ქუთათელაძეა, მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ერთად ხშირად ვემზადებით, მისი ბრძოლის სტილი მაქს ჰოლოუეისას ძალიან ჰგავს, ხშირად უკეთესიც კია.
გამარჯვებისთვის მზად ვარ. ერთადერთი რამ დარჩა, შაბათს გამოვიდე და მივიღო ის, რაც ჩემია“, – განაცხადა თოფურიამ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024