10/10/2024
23:13
არჩევნები 2024
ვნახეთ პროექტი, რომელიც გამოქვეყნდა [ბუნდესტაგში], დღეს იყო კენჭისყრები და ვნახეთ, რომ მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, გერმანიის ორმა ყველაზე დიდმა პარტიამ მხარდაჭერით, მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, რაც ერთის მხრივ, ყველაფრის მანიშნებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვხედავთ, რომ გერმანიის პოლიტიკასა და დიპლომატიაში არის ხალხი, რომლებიც საქართველოს და გერმანიის განსაკუთრებულ მეგობრობას, მოკლევადიანი მიზნების გამო, ძირს უთხრიან.
თუმცა, პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ როდესაც საგარეო ურთიერთობები ისეთ პიროვნებას აქვს ჩაბარებული, როგორიც მიხაელ როთია, იქ გასაკვირი აღარაფერია.
„ვხედავთ, გერმანიის პოლიტიკაში და მათ შორის, დიპლომატიაშიც ხალხს, რომელიც ფაქტობრივად, ძირს უთხრის იმ 30 წლიან განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიასთან. ყველამ და უპირველეს ყოვლისა, გერმანიის ხელისუფლებამ კარგად იცის, თუ რა განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება გვაქვს ქართველ ხალხს გერმანიის, როგორც სახელმწიფოს მიმართ და ასე რომ ანიავებენ ამ ნდობას ქართველი ხალხისა, ასე წყალს უყენებენ და ძირს უთხრიან წინდაუხედავად, რაღაც მოკლევადიანი მიზნების გამო, ეს არის გულსაკლავი, თუმცა, მეორეს მხრივ, ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაელ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ უკვე გასაკვირი არაფერი არ არის.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია -“საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ მოხდება.
0
0