19/10/2024
16:39
არჩევნები 2024
გუშინ სუს-მა დაიწყო სპეცოპერაცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ, დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური დარტყმა დემოკრატიაზე, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ორი წევრის მიერ კოალიციის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც კუპრაძე აღნიშნავს, „ყველა არჩევნებზე „ოცნება“ და სუს-ი ახერხებს გარკვეული ადამიანების მოსყიდვას ან ჩანერგვას და გადაბირებას“, რითაც მისივე შეფასებით, „ბიძინას ამფსონები, სამწუხაროდ, აზიანებენ ქართულ პოლიტიკას და აბინძურებენ საარჩევნო გარემოს“.
„ეს უსუსური მცდელობა, დააზიანონ დემოკრატიული პროცესი, ჩვენ გვაძლიერებს და კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევს, რათა დავასრულოთ „რუსული ხელისუფლება“. ბოლო თვეების განმავლობაში „ძლიერ საქართველოს’ ათასობით მხარდამჭერი შემოუერთდა. სუს-ის ერთეული აგენტები ამ პროცეს ვერ შეაჩერებენ. „ქართული ოცნება“, ხედავს ჩვენს რეალურ ძალას და სწორედ ამიტომაც აწყობს ამ უსუსურ დივერსიებს.
„ქართული ოცნების“ ქცევა ყველა საზღვარს ცდება - ადამიანების დაშინება, პირადი სივრცეების დარღვევა, ტყუილების გავრცელება ბინძური „კაგებეშნიკური“ სცენარებია, რომელიც მოსკოვში იწერება და კრემლიდანაა ორკესტრირებული
ვწუხვართ, რომ ეს „კაგებეშნიკური“ პრაქტიკა ისევ და ისევ მეორდება შეშინებული ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამიტომ დასრულდება 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი წავა სახლში, მოსკოვში“, - განაცხადა კუპრაძემ, რომლის კომენტარსაც “ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, „ლელოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. დღეს, კოალიციის ,,ძლიერი საქართველოს” დატოვების გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის წევრმა მერაბ ქურიძემ მიიღო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024