23/10/2021
14:42
საზოგადოება
„კამათი უამრავ თემაზე შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ცალსახა პასუხები არსებობს.
მაგალითად, ცალსახაა, რომ ერთდროულად ორი მიმართულებით ვერ იმოძრავებ.
ვერ იმოძრავებ თან მარჯვნივ, თან მარცხნივ. ვერ იმოძრავებ თან ჩრდილოეთით, თან სამხრეთით. ვერ იმოძრავებ თან დასავლეთით, თან აღმოსავლეთით. ასე შეიძლება მხოლოდ იფართხალო.
ჩვენ კი ისეთ ვითარებაში ვართ, რომ არათუ ფართხალი, არამედ სირბილიც კი არ გვიშველის - ორჯერ სწრაფად უნდა ვირბინოთ, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე მივიდეთ.
ამ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ელიტის ხედვას და ამ ხედვაში რწმენას, რამაც ამ ხედვის თანმიმდევრულობა უნდა უზრუნველყოს.
პოლიტიკურ ელიტაში არ ვგულისხმობ მხოლოდ პარტიებს, ვგულისხმობ ყველას, ვისაც პოლიტიკურ პროცესზე აზრს ეკითხებიან.
იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის ცოცხალი თაობა, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მეხსიერება აქვს, იმის გამო, რომ ვინც იყო, ისიც სტალინური რეპრესიებით გაჟლიტეს და ზოგადად, იმის გამო, რომ ჩვენ 200 წლიანი წყვეტის შემდეგ გვიწევს თანამედროვე სახელმწიფოს ფორმაცია, ძალიან გვჭირს ადამიანები, რომლებსაც მწყობრი და განჭვრეტადი პოლიტიკური ხედვა აქვთ - ამიტომ ვფართხალებთ.
რთულია ამომრჩეველი პოლიტიკურ პროცესს და პოლიტიკურ აქტორებს ენდოს, როდესაც თავად პოლიტიკური აქტორებს არ გააჩნიათ პოლიტიკური ხედვა.
ვსქროლავ ნიუსფიდს და ვკითხულობ სასოწარკვეთილ პოსტებს იმაზე, როგორ მეორდება ისტორია - არ უნდა ამ ხალხს იმის მიღება, რომ სინამდვილეში, რაღაც ახალი ხდება, რომელსაც ახალი ბოლო ექნება. ყველამ იცის რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, მაგრამ როცა არ გაქვს რწმენა - მექანიკურ მსგავსებებს ეძებ და თავს არწმუნებ, რომ რადგან 2002 წელს მოხდა, ახლაც იგივე მოხდება.
ვსქროლავ ნიუსფიდს და ვკითხულობ კოალიციით აღფრთოვანებულ პოსტებს ხალხისგან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ივანიშვილს პოლარიზაციით ამარცხებდნენ "პოლარიზაციაში უნდა გადავტეხოთ" - იმუქრებოდნენ ისინი ცოტა ხნის წინ და პროპორციული არჩევნებს ქართველი ერისთვის შეუფერებლად აცხადებდნენ - რა შეიცვალა გასულ წელიწადში, არავინ იცის, აი ასე.... გუშინ მიშა ამთავრებდა ბიძინას, დღეს კოალიცია ამთავრებს!
ხალხმა რა გაიგოს? რას ენდოს?
ფართხალის მაგალითები ბევრია - ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება უშუქობაზე, უინვესტიციობაზე და კერძო საკუთრების უფლებაზე დარდობდეს მაგრამ თან მოლოდინის დორბლი მოსდიოდეს ვარლამზე, რომელიც ქუჩაში ბევრ ხალხს კრებს და იმ მომენტში მთავრობას პრობლემებს უქმნის. მერე რა, რომ ვარლამის შინაარსი საფუძველშივე პრობლემატურია? სამაგიეროდ ბიძინას პრობლემას უქმნის, ამიტომ "ვარლამი ქუთაისის მერად".
ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება გახარიას დასჯის მოთხოვნით თვეებს ქუჩაში ატარებდეს, მაგრამ რა წუთშიც გახარია კობახიძეს დაუპირისპირდება, იმ წუთიდან "ხიხოს წნევის" აპარატად გარდაიქმნება - აღარავის ანაღვლებს გახარიას შინაარსი, მოლოდინის დორბლი - რომ გახარიაა ის თოვლის ბაბუა, რომელიც "ხიხოს დაამთავრებს", მოქმედებაშია.
როცა ასეთი ბარდაკია, როცა საჯარო პირები პოზიციას წინდებივით იცვლიან, იმიტომ რომ მათი პოზიცია რწმენას არ ემყარება, რთულია მოქალაქეებს პროცესში რწმენა მოსთხოვო.
ასეთ აურზაურში მე ყოველთვის საბაზისო ჭეშმარიტებებზე დგომა მირჩევნია.
ეს მუშაობს.
ასე განვითარდა ტაბულა. ასე განვითარდება პოლიტიკური ორგანიზაციაც.
ხედვა, რწმენა, თანმიმდევრულობა და შრომა - არაფერი, მდგრადად კარგი არ მოხდება, სანამ პოლიტიკურ სპექტრში და მის შემოგარენში არ გაჩნდება პლატფორმები, რომლებიც ამ ბოძებს დაეყრდნობა“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0