01/12/2022
12:34
კულტურა
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართა გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გურამ პატარაიას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის „გზა უსასრულო“ პრეზენტაცია და ხსოვნის საღამო. წიგნი-ალბომი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და მასში შესულია გურამ პატარაიას პირადი, სტუდენტობის დროინდელი წერილები, სტატიები და მოგონებები მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების შესახებ.
ლიტერატორ თამარ მიქაძის ავტორობით გამოცემული კრებული აერთიანებს საინტერესო ფოტოებსა და პოპულარულ ფრაზებს რეჟისორის ფილმებიდან, ასევე უნიკალურ მასალებს, რომლებიც უკავშირდება გურამ პატარაიას მიერ შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს.
გურამ პატარაიას შემოქმედება გაიხსენეს და მასზე ისაუბრეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა.
გურამ პატარაია, სხვადასხვა წლებში, სოხუმის, გორის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსულ, მარჯანიშვილისა თუ რუსთაველის თეატრებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა. 1959 წლიდან იყო საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი დირექტორი. 1961 წლიდან კი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიაში, სადაც არაერთი შესანიშნავი მხატვრული ფილმი შექმნა. რეჟისორი 1983 წელს, ნაადრევად, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გურამ პატარაია გახლავთ საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ინფორმაციას,საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
0
0