26/10/2024
15:01
არჩევნები 2024
ორგანიზაცია ჩემი ხმის მონაცემებით, დილის 11:00 საათისთვის დამკვირვებლების მიერ 1029 უბნიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საარჩევნო დარღვევებს ავრცელებს.
ორგანიზაციის თქმით, 49 უბანზე მარკირება არ შემოწმდა სათანადო წესით, მარკირების გაკეთების წესი დაირღვა 68 უბანზე, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის წესები დაირღვა 8 უბანზე და ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ხარვეზები გამოვლინდა 125 უბანზე, ხოლო 38 უბანზე "ჩემი ხმის" დამკვირვებლბს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ.
ძირითადი ტენდენციები
ორგანიზაციის მიხედვით, გრძელდება საგანგაშო ტენდენცია, რაც გულისხმობს ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას და ყუთში მოთავსებას. ამ დროისთვის ჯამში 50-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ტენდენცია გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას.
ამავდროულად, კვლავ რთული ვითარებაა საბერძნეთის საარჩევნო უბანზე. "ჩემი ხმის" მიხედვით, დამკვირვებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნების პროცესს.
ასევე, ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებს სამეგრელოში და კახეთში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელს უშლიან საარჩევნო უბნების მიმდინარე პერიმეტრზე ეგზიტპოლის გამოკითხვის ჩატარებაში. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას.
ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია 34 საჩივარი და 43 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
ჩემი ხმის ინფორმაციით, დაფიქსირდა ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის და ყუთში მოთავსების შემთხვევები, დამკვირვებლის საქმიანობის ხელშეშლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხარვეზები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობაში და აგიტაცია საარჩევნო უბანზე.
ორგანიზაცია ასევე ავრცელებს უცხოეთის უბნებიდან მიღებულ ინფორმაციას.
ჩემი ხმის მიხედვით, ათენის 38-ე უბანზე კოალიციის დამკვირვებელს არ ეძლევა დაკვირვების შესაძლებლობა. კომისია არ აძლევს დამკვირვებელს ვიდეოგადაღების შესაძლებლობას. არის დაძაბული ვითარება და გადატვირთულობა. კოალიცია ავრცელებს აღნიშნულის ამსახველ ვიდეო და აუდიო მასალას.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024