11/10/2021
19:36
სამართალი
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული ერთ-ერთი მუსიკალური კოლეჯის სტუდენტი იყო.
საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული. საქმის მასალების თანახმად, კაცს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს.
“პირველები” უმძიმესი დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათი მტკიცებით, ქუჩის მუსიკოსი მკვლელობის ადგილზე არ იმყოფებოდა და შესაბამისად, მომხდარის შესახებ არაფერი იცის.
– ბიჭი მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა, სადაც ტურისტი მისულა. ალკოჰოლი მიუღიათ, რის შემდეგაც რესტორანში წასულან, თუმცა იქ ჩემი ძმა ნამდვილად არ ყოფილა. ამის შემდეგ მოკლეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩემ ძმას ედავებიან, რომ დანაშაულის შესახებ იცოდა, როცა მკვლელობის შესახებ მან მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, – აცხადებს ოქროპირიძის ძმა.
“პირველებმა” მიაგნო ადგილს, სადაც ბრიტანეთის მოქალაქე მკვლელობამდე დაკავებულებთან ერთად იმყოფებოდა.
საზარელი მკვლელობა 7 ოქტომბერს მოხდა. კონფლიქტი ბარში დაიწყო, დაპირისპირებაში მონაწილე პირები მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს.
ბრალდებულები გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები, ისინი ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
0
0