08/11/2024
14:03
სპორტი
ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ჩეხეთთან დასკვნით მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებულ მოლოდინეზე ისაუბრა.
„ბოლო წლები ძირითადად ერთ ტაქტიკურ სქემას ვიყენებთ. ამ მხრივ ხშირი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როგორ ვთამაშობთ. სქემაში ცვლილებები, ძირითადად, ტრავმებით იყო გამოწვეული.
ცენტრალური მცველების ასაკიდან გამომდინარე, შესაძლო ცვლილებაზე და უნგრეთიდან ილია ბერიაშვილის მიწვევაზე თუ ვფიქრობ? რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ნაკრების არაერთი მცველი ასაკშია. ჩვენ კალანდაძე გამოვცადეთ, მაგრამ ვითარება მუდმივად იცვლება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გოგლიჩიძეზე არც ვსაუბრობდით, ახლა კი შანსი აუცილებლად მიეცემა და სასტარტო შემადგენლობაში ერთ მატჩს მაინც დაიწყებს. ასევე, შანსები სხვებმაც შეიძლება მიიღონ.
„სენტ-ეტიენისა“ და „ლიონის“ თამაშს რაც შეეხება, ეს საფრანგეთში ისტორიული დაპირისპირებაა. ზურიკომ ძალიან მოუმატა და ეს მახარებს. ხოლო მიქაუტაძემ ბოლოს გაიტანა და 7 ნოემბერს ევროპა ლიგაზეც ითამაშა. ის კი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, რომ გიორგი თავდაჯერებული იყოს.
ნიკა კვეკვესკირი გუნდის წევრი იყო, მაგრამ ტრავმის გამო ბოლო შეკრებები გამოტოვა. ის ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშეა და დიდი როლი აქვს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელში. ახლა სხვა მოთმაშეები გამოგვაკლდნენ, მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნაკრებში დიდი კონკურენციაა.
ალბანეთთან ჩვენმა შემტევმა ტაქტიკამ არ გაამართლა, თუმცა ქულას მაინც ვიმსახურებდით. ნოემბრის მატჩებში უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მაღალი დონის გუნდებშია. მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით ორ შეხვედრას გამართავს – 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 19-ში ოლომოუცში ჩეხეთს ესტუმრება.
0
0