20/08/2023
15:58
კულტურა
გოგი ხარაბაძე დღეს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში გაიმართა.
ლეგენდარული მსახიობი, რეჟისორი, მწერალი სწორედ სიონის ტაძრიდან დღეს გამოასვენეს.
გოგი ხარაბაძე უკანასკნელ გზაზე ხელოვანებმა, კოლეგებმა, საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.
გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში, 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
მას ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, რუსთაველის თეატრის სცენაზე, არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.
გოგი ხარაბაძემ განათლება საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე მიიღო, შემდეგ კი მუშაობა დაიწყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმენტულ წარმოდგენაში შედგა. რობერტ სტურუასა და გოგი ქავთარაძის მიერ აქტუალურ, მწვავე თემაზე შექმნილ სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებლის როლი ითამაშა. მისი გმირი - ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით და უხეში პირდაპირობით. შემდგომში, მსახიობს ძირითადად უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება უწევდა და სწორედ „უარყოფითი მომხიბვლელობით“ დამკვიდრდნენ მის რეპერტუარში: ავთო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“), დიტო (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ჯიბო (შ. დადიანის „გუშინდელნი“), გაიოზი (თ. ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“) და სხვა.
მსახიობი ეკრანზე პირველად გამოჩნდა ფილმში „ქალაქის გული“ (1962). პირველი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოთარ იოსელიანის ფილმში „გიორგობისთვე“ (1967), რომელშიც ახალგაზრდა კონფორმისტის, ოთარის, საინტერესო სახე შექმნა. ამ როლის შემდეგ შემგუებლობისა და ძალადობის განსახიერება თითქოს მსახიობის შემოქმედებით ამპლუად იქცა. ამ ტიპის მნიშვნელოვან სახეთა შორის აღსანიშნავია: პროვინციელი ყალთაბანდი ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“, დ. რონდელი, 1967), ყაჩაღი კაზა ჩხეტია (,,დათა თუთაშხია“, გ. ლორთქიფანიძე, რ. გაბესკირია, 1978), კორუფციაში ჩაფლული პარტიული ფუნქციონერი სეთურიძე („მშობლიურო ჩემო მიწავ“, რ. ჩხეიძე, 1981) და სადისტი მწვრთნელი ჩიტუნელა ( „ბესამე“ , ნ. ახვლედიანი, 1990).
გოგი ხარაბაძემ განასახიერა სხვა ტიპის საინტერესო კინოპერსონაჟებიც, კერძოდ: გიორგი ლეჟავა („ერთ პატარა ქალაქში“, 1985), მირიან ტაბიძე („გამოცხადება“, 1989), ჰერცოგი („ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი“, 1989), გიორგი მიქელაძე („ელზა“, ჰ. რისმაირი, 1992), გალაკტიონ ტაბიძე („მარტოობის ორდენის კავალერი“, ა. ცაბაძე,1999), თენგიზი („გასეირნება ყარაბაღში“, 2005) და სხვა.
მსახიობი მონაწილეობდა ტელეფილმებში - დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (აბესალო, 1974) და ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“ (არჩილ ფორია, 1977).
გოგი ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედი იყო და გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმით. მან შექმნა ტელესპექტაკლების ციკლი: „პოეზიის 30 წუთი“ (1974), „ბედი ქართლისა“(1975), „აკაკი წერეთლის მონოლოგი“(1979), „ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), „დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა.
ტელევიზიაში დადგა 29-ნაწილიანი სპექტაკლი „წმინდა ოთხთავი", რომლის რეჟისორი და ოთხივე მახარებლის განმასახიერებელი თვითონ იყო (1996).
აღსანიშნავია, რომ გოგი ხარაბაძემ გამოსცა ბიბლიის, ,,ვეფხისტყაოსნის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთლის ლექსებისა და პოემა „თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების - „ალუდა ქეთელაურისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ასევე - ქართული ზღაპრების აუდიოვერსიები.
მრავალმხრივი ნიჭის მსახიობი ავტორია წიგნებისა: „თქვენ მომაგონდით“ (1989), „შატალო. მსახიობის ჩანაწერები“ (2004), „კოქსართროზი“ (2004), „მოთხრობები და მიძღვნები“ (2004), „წყნარად, წარსულო, წყნარად“ (2004), ისტორიული დრამისა „სისხლიანი მეოცე“ (2005), რომანებისა - „პირველის უკანასკნელი ღამე“ (2007) და „თამადა“(2009).
გოგი ხარაბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის (1976), დავით კლდიაშვილის სახელობისა (1987) და „ხუთწლედის მატიანის“ (1983) პრემიების ლაურეატი, ასევე - თეატრალური საზოგადოებისა (1968) და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის (1988) წევრი.
0
0