21/10/2021
12:53
საზოგადოება
მისივე თქმით, მოკვლევის პროცესი საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს საჭიროებს.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ C ვიტამინის შემთხვევაში, ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათ მაინც შესაბამისი მეთვალყურეობა გაეწევათ.
„რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს. მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, დოკუმენტები გადაიგზავნება შესაბამისს უწყებებში. მოკვლევა დაიწყო გუშინ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ გვინდა, რომ ჩავიდეთ ყველა დეტალში. გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულია, რა თქმა უნდა, გადაგზავნილია პროკურატურაში და მათი მხრიდან უნდა მოხდეს რეაგირება, რადგან ყალბ სერტიფიკატზე სამინისტროს ვერ ექნება რეაგირება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც დადგენილია სამინისტროსთვის. ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოვიკითხავთ, C ვიტამინის შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდება მათი გამოკითხვა და შესაბამისი მონიტორინგი.
ამ ეტაპისთვის დადასტურებულია, რომ ის კონკრეტული პაციენტები იყვნენ C ვიტამინით აცრილი. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ იყო გადაგზავნილი პროკურატურაში, ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ აქ გარკვეულწილად ვართ შეზღუდულები, რადგან რეგულირების სააგენტოს არ აქვს მანდატი, გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ჩვენ ველოდებით პარლამენტს, რათა მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს მანდატი, რომ არა მხოლოდ ამბულატორიები, არამედ კლინიკებიც შეამოწმოს შესაბამისად, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე მნიშვნელოვანია, შეიცვალოს გარკვეული წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების დონეზე და მოხდეს განსაზღვრა მათი საჭიროების, სამუშაოს აღწერილობის დეტალური შესწავლა. მხოლოდ რეგულირების სააგენტოსა და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა და ოპერირების ნების დართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.
0
0