29/10/2021
15:58
პოლიტიკა
პაპუაშვილის თქმით, შიმშილობა არის საერთაშორისო დოკუმენტებით და მათ შორის ქართული კანონმდებლობით დაცული უფლება.
"ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხდება მანიპულაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით თუ მისი მდგომარეობით. თავად სააკაშვილის მხრიდანაც ხდება ამით მანიპულირება. ჩვენ მისი მიმართვაც ვნახეთ, თითქოს მისი სიცოცხლე არჩევნებზე არის დამოკიდებული. ეს უკვე მანიპულაციის კულმინაციაა.
ასევე, მოშიმშილე პატიმართან დაკავშირებით არსებობს სპეციალური ინსტრუქცია. თუკი საღ გონებაზე მყოფი ზრდასრული ადამიანი თვლის, რომ რაღაც მიზეზების გამო უნდა იშიმშილოს, ეს მისი უფლებაა და მას ვერავინ აუკრძალავს შიმშილს. შიმშილი გულისხმობს, რომ ადამიანი ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, რაც მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
სახელმწიფოს ამ შემთხვევაში აქვს ორი ვალდებულება. ერთი - თუკი ადამიანს აქვს გადაწყვეტილი შიმშილი, მას იძულებით საკვებს ვერ მიაღებინებ, ეს აკრძალულია. მეორე - ყურადღება მიაქციოს მოშიმშილე პატიმარს და მის ჯანმრთელობას, ასევე, შესაბამისი ინტერვენცია განახორციელოს, თუკი ამის საჭიროება არის. ეს არ არის საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობის პირველი შემთხვევა, სასჯელაღსრულების სამსახურს ამის გამოცდილება უკვე აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ცუდი მაგალითია, რომ შიმშილობა თითქოს რაიმე კონსტრუქციული გზა არის ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად.„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რაც შეეხება, კონტექსტიდან ამოგლეჯით ამით ინტერპრეტირებას ახდენს მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია და ჩვენი ოპონენტები. დანარჩენმა საქართველომ ძალიან სწორად გაიგო კონტექსტი, რომელიც არის მარტივი - ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება და ამით საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს, არც ეს არის საკამათო. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადების კონტექსტიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ მონიტორინგი გაუწიოს პატიმარს და როდესაც შესაბამისი სამედიცინო ჩარევა იქნება საჭირო, უნდა უზრუნველყოს. სახელმწიფო ვერავის დააძალებს მიიღოს საკვები ნივთიერება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „კანონში წერია, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.
0
0