14/10/2024
17:35
მსოფლიო
გერმანიის მთავრობის სპიკერმა ვოლფგანგ ბიუხნერმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ კვირის ბოლოს გერმანიაში გაემგზავრება. ამის შესახებ N-TV იუწყება.
სპიკერის თქმით, ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობა აშშ-ის მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციებს ატარებს. დამატებითი დეტალების შესახებ მან არ ისაუბრა.
სახელმწიფო ვიზიტი სრული პროტოკოლით გასული კვირის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ ბაიდენმა აშშ-ში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, ვიზიტი მოკლე დროში გააუქმა. შედეგად, უკრაინის მხარდამჭერი სამიტი ამერიკულ ავიაბაზაზე „რამშტაინში“ ასევე გაუქმდა.
მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიაში ვიზიტს ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, გეგმავს.
ამავე ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა მნიშვნელოვნად შემცირდება და მხოლოდ ერთი დღით - პარასკევი, 18 ოქტომბერი - შემოიფარგლება.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ვიზიტის დროს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა არ გაიმართება.
0
0