14/11/2024
17:28
მსოფლიო
გერმანიამ გააფრთხილა სახელმწიფო პორტები, არ მიიღონ რუსული გათხევადებული აირით დატვირთული ხომალდები.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, 6 ნოემბრით დათარიღებულ წერილში, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ავალებს კომპანია Deutsche Energy Terminal-ს, არ მიიღოს რუსული გათხევადებული აირი. მანამდე კომპანიამ გერმანიის მთავრობას აცნობა, რომ ბრუნსბიუტელის საიმპორტო ტერმინალი გეგმავს რუსული ტვირთის მიღებას.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ განკარგულება გაცემულია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. უწყება მოუწოდებს ოპერატორ კომპანიას, არ მიიღოს რუსეთიდან გათხევადებული აირი შემდგომ შეტყობინებამდე.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბურ ინტერვენციამდე გერმანია ევროპაში რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორი იყო. ევროპაში რუსული გაზის მილსადენებით მიწოდების შემცირების შემდეგ, გერმანიის მთავრობამ დააჩქარა ალტერნატიული წყაროების ძიება და ააშენა გათხევადებული აირის რამდენიმე ტერმინალი რათა ენერგორესურსები საზღვაო გზით მიეღო.
წერილში ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსული გათხევადებული აირის მიღება ეწინააღმდეგება ტერმინალების შექმნის მიზანს – გერმანიისა და ევროკავშირის რუსული ბუნებრივი აირისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსული გათხევადებული აირი აკრძალეს, ევროკავშირი მის იმპორტს განაგრძობს. ევროპაში გათხევადებული აირის 20% რუსეთიდან მოდის. რუსული გათხევადებული აირის დიდი ნაწილი მიემართება საფრანგეთში, ესპანეთსა და ბელგიაში გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე.
0
0