26/08/2022
11:41
მსოფლიო
გერმანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ბენინის 512 ბრინჯაოს ფიგურის ნიგერიის საკუთრებაში გადაცემის შესახებ - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მე-19 საუკუნეში კონტინენტიდან გაძარცული კულტურული არტეფაქტების ნიგერიისთვის დაბრუნების თვალსაზრისით.
შეთანხმება პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდსა (SPK) და ნიგერიის მუზეუმებისა და ძეგლების ეროვნულ კომისიას (NCMM) შორის გაფორმდა.
ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერლინის ეთნოლოგიური მუზეუმიდან ბრინჯაოს ფიგურების პირველი ნაწილი ნიგერიას მიმდინარე წელს დაუბრუნდება. ობიექტების დაახლოებით მესამედი ბერლინში ათი წლის განმავლობაში დარჩება და ჰუმბოლდტის ფორუმზე გამოიფინება.
ბენინის ბრინჯაო ათასობით ლითონის ქანდაკებისა და სპილოს ძვლის ჩუქურთმისგან შედგება, რომლებიც ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა დასავლეთ აფრიკის ბენინის სამეფოს (დღევანდელი ედოს შტატი სამხრეთ ნიგერიაში) 1897 წელს წაართვეს. უმეტესი მათგანი ბიზნესმენებისა და დილერების მიერ გაიყიდა და შემდეგ ისინი ევროპის მუზეუმებში აღმოჩნდა.
2021 წლის აპრილში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ მას ნიგერიისთვის ბენინის ასობით ბრინჯაოს დაბრუნება სურდა.
0
0