08/09/2023
18:54
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ევროპული გუნდები ითამაშებენ – გერმანია და სერბეთი. ორივემ ამერიკული ნაკრები დაამარცხა: სერბეთმა – კანადა ( 95:86), გერმანიამ – აშშ (113:111).
აშშ-ის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში აქამდე მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა, ხოლო როცა ამ ეტაპს თამაშობდა, ყოველთვის ჩემპიონი ხდებოდა. თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა – სტივენ კერის გაწვრთნილი გუნდი 1/2 ფინალში გამოეთიშა ასპარეზობას.
ეს სენსაციაა, თუმცა ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების თამაშებს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ გერმანია ერთ-ერთი ყველაზე გამართული გუნდია მუნდიალზე. აკი თქვა საქართველოს ნაკრებს ცენტრმა გიორგი შერმადინმა – გერმანია ამ ჩემპიონატზე იმდენად კარგადაა შეკრული, მედალს აუცილებლად მოიგებსო.
ინდივიდუალურად მართლაც უმაღლესი დონის კალათბურთელებით დაკომპლექტებულ ამერიკას დააკლდა ერთი რამ, რაც გერმანიას აქვს – საათივით გამართული დაცვა.
„როდესაც დაცვაში გუნდი მტკიცედ დგას, შეტევაში უკვე ბევრი რამ ნიჭზეა დამოკიდებული“, – ეს ილიას ზუროსის სიტყვებია. გერმანელებს შეტევაში რა ნიჭიც აქვთ, აქამდეც არაერთხელ დაამტკიცეს – ჯგუფური ეტაპის მატჩებშიც იოლად ადიოდნენ 100 ქულამდე.
ამერიკასთან მატჩში კი 100-ქულიან ნიშნულს მატჩის დამთავრებამდე 8 წუთით ადრე მიაღწიეს და დამსახურებულად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
ობსტი, ვაგნერი და ტაისი 20-ქულიან ნიშნულს ასცდნენ. პირველმა 24 ქულა მოაგროვა, მეორემ – 21, მესამემ – 22. დენის შრიოდერმა კი 17 ქულას 9 პასი მიამატა. აშშ-დან ენტონი ედვარდსი გამოირჩა – 23 ქულა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებს საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი გორდონ ჰერბერტი ხელმძღვანელობს. ის ძალიან ახლოსაა მსოფლიო ჩემპიონობასთან, ხოლო ჩვენი ნაკრების კიდევ ერთმა ყოფილმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო (სლოვენიასთან ერთად).
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, წელს ისტორიული შედეგი დააფიქსირა - პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიოზე და საუკეთესო 16 ნაკრებში მოხვდა. ქართველებმა მეორე ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024