08/05/2024
09:17
ეკონომიკა
2024 წლის 7 მაისს ქართული ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა, თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირველი საინაუგურაციო ფრენა შეასრულა.
Georgian Wings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.
საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი ესწრებოდა. მან მგზავრებთან ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საქართველოს საელჩოს და პრაღის საერთაშორისო აეროპორტის ორგანიზებით, საინაუგურაციო ფრენის ღონისძიება ქართული ტრადიციების შესაბამისად საზეიმო ვითარებაში წარიმართა. ღონისძიებას, როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს პრაღის საერთაშორისო აეროპორტის და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„Georgian Wings-ი დღეს ასრულებს პირველ რეგულარულ რეისს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული მიმართულების დანიშვნა განპირობებულია ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. პრაღა საქართველოში ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა და არსებული ფრენები საშუალებას მისცემს მგზავრებს, დაგეგმონ მოგზაურობა და დასვენება პირდაპირი ფრენებით“, – განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.
მგზავრებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ.
,,ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულოა, რომ განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და პრაღას შორის. დაახლოებით ხუთ წლიანი შუალედის შემდეგ ავიაკომპანია Georgian Wings-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ფრენები ამ მიმართულებით, რაც თავისთავად ძალიან კარგია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. ხელს შეუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს და მოსახლეობას შორის კიდევ უფრო დაახლოებას. მე, როგორც ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. პოლიტიკურ განზომილებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩეხეთი ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ყოველთვის იყო და არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გამოცდილების გამზიარებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ქართულ ავიაკომპანიას, რომ სწორედ ჩეხეთი განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, რათა შესრულდეს აღნიშნული ფრენები. საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლოდ, დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნებს შორი ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებას. ჩეხეთი ასევე ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში და ვფიქრობ, ამ ფრენების აღდგენა თბილისსა და პრაღას შორის კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ურთიერთობებს“, – აღნიშნა ელჩმა.
ავიაკომპანია მგზავრებს მაისის განმავლობაში თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით, ავიაბილეთებზე სპეციალურ ფასს სთავაზობს. ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და ავია სალაროებში.
შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.
ინფორმაციას ქართული ავიაკომპანია Geosky ავრცელებს.
0
0