09/08/2024
21:08
სპორტი
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.
მან ოლიმპიადის ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველს, გიორგი მეშვილდიშვილს სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება.
მანამდე კი პეტრიაშვილმა (125) პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდა. მეტოქე ქართველმა სპორტსმენმა ანგარიშით 9:2 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 სძლია.
გენო პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.
0
0