22/12/2022
14:53
სამართალი
ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას "სისულელესა და პროვოკაციას" უწოდებს.
საუბარია ხაჭაპურიძის იმ განცხადებაზე, რომელიც ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე გააჟღერა.
კერძოდ, ხაჭაპურიძის მტკიცებით, მას აქვს ფარული ჩანაწერი, სადაც "ალექსანდრე გეჯაძე ეუბნება", რომ "სააკაშვილის ექსპერტიზაში სიამოვნებით ჩაერთვება", თუმცა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რომელიც უწყებას აწყობს, ვინაიდან იგივე ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შემთხვევაშიც მოხდა".
"პირადად მე არ მომისმენია შალვამ [ხაჭაპურიძე] რა ილაპარაკა პროცესზე. მე თვითონ მოვუსმენ, გავერკვევი და მივიღებ გადაწყვეტილებას როგორ მოვიქცე. სისულელეა ეს ყველაფერი და პროვოკაციაა... თუ აქვს ჩანაწერი გამოაქვეყნოს. კომენტარს ამ ეტაპზე არ ვიძლევი. შალვასთან მქონდა წლებია კომუნიკაცია. არა ერთი ექსპერტიზა დაუნიშნია და არა ერთი ექსპერტიზა ჩამიტარებია. სააკაშვილის ექსპერტიზა არ ჩამიტარებია, არანაირი დოკუმენტი არ გამიცია", - განუცხადა გეჯაძემ ტელეკომპანია “ფორმულას”.
კითხვა - იყო თუ არა შემოთავაზება ჩაეტარებინა სააკაშვილის ექსპერტიზა, გეჯაძემ უპასუხოდ დატოვა: "კომენტარის გარეშე".
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ჩართვა გამორიცხულია. ადვოკატის განმარტებით, გეჯაძემ მასთან საუბარში თქვა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, დასკვნაში იმას დაწერს, რასაც "შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკავენ".
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. 7-თვიანი პაუზის შემდეგ მესამე პრეზიდენტი პროცესს პირველად, დისტანციურად ჩაერთო. მოგვიანებით სააკაშვილი ცუდად გახდა და პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადა.
წყარო: ტელეკომპანია “ფორმულა”
0
0
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024